წლის პირველ კვარტალში საქართველომ 568 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღო
ინვესტიცია საქართველოში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 568 მლნ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.3-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი რეინვესტირებაზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები კვლავ ნაკლებად შემოდის და უკვე არსებული ინვესტორების მიერ ხდება მიღებული შემოსავლების/მოგების ხელმეორედ დაბანდება.
შედეგად, ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების გაზრდით.
ინვესტიციების სექტორულ გადანაწილება ასე გამოიყურება:
- ენერგეტიკის სექტორი – 236 მლნ 400 ათასი დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6%);
- საფინანსო სექტორი – 111 მლნ 100 ათასი დოლარი (19.5%);
- უძრავი ქონების სექტორი – 81 მლნ 300 ათასი დოლარი (14.3%).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასეთია:
- ესპანეთი – 196 მლნ 100 ათასი დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5%);
- გაერთიანებული სამეფო – 87 მლნ 200 ათასი დოლარი (15.3%);
- თურქეთი – 67 მლნ 100 ათასი დოლარი (11.8%).
ასევე, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში რუსული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნითაა: 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -11.2 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს.
მაგალითად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას თქმით, ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის და სახელმწიფომ ინვესტორებს მაქსიმალურად განსხვავებული პირობები უნდა შესთავაზოს.
„საქართველო ინვესტორისთვის მიმზიდველი რომ იყოს, საჭიროა მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რაც არ არის. ასევე უნდა გვქონდეს სტაბილური სასამართლო, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს.” – ამბობს ჭყონია.
აღსანიშნავია ისიც, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC-Georgia) პროტესტის ნიშნად არ დაესწრო ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს.
„ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა.” – განაცხადა ფადი ასლიმ, ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ.