თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ, სადაც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო 20 აგვისტოს შემდეგ აივ-შიდსით და covid-19-ით დაავადებული პაციენტების მიღება შეჩერებული იყო, პაციენტების მიღება განაახლა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ შენობის ნაწილში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და საავადმყოფომ ორ კორპუსში პაციენტების მიღება უკვე განაახლა.
“ბოქსირებულ განყოფილებაში ინტენსიური სამუშაოები ჯერ კიდევ ტარდება და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ 3 კვირაში ყველა სერვისი გაიმართება,” – ამბობს ეზუგბაია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში ერთ-ერთი მთავარი კოვიდმიმღები კლინიკაა. გარდა ამისა, ის ერთადერთი ცენტრია, რომელიც აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებს აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ემსახურება.
საავადმყოფოფოში პაციენტების მიღების შეჩერების მიზეზად შენობაში “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” პირობების არარსებობა დასახელდა.
წვიმის დროს საავადმყოფოში წყალი ჩადის. ბოქსირებულ პალატებში არ არის ვენტილაცია, რაც ინფექციური საავადმყოფოს გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ინფექციური საავადმყოფოსთვის უკვე ნაყიდია ახალი შენობა. მის რემონტს და გამართვას დაახლოებით 1 წელი სჭირდება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ამ ერთი წლის განმავლობაში საავადმყოფოს გამართული მუშაობისთვის იქ რემონტის ჩატარება და ამისთვის 300 000 ლარის გამოყოფა მოითხოვა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო.
პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის – 300 ათასი ლარის გამოყენების უფლება მისცეს და საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შენობის რემონტი დაიწყო.