საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 9 ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად.
“საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს “ბრიუსელის მოსაწონი”, მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.
ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს.” – თქვა ელჩმა.
2023 წლის 5 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაეხსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
26 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებებია წარმოდგენილი.
ჩამოთვლილი აქტივობები 2023-2024 წლების განმავლობაში უნდა განხორციელდეს. გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა.