“გირჩი – მეტი თავისუფლება” და პარტია “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა – “დროა და გირჩი მეტი თავისუფლება – ნორმალური არჩევანი”.
მათი თქმით, აერთიანებთ:
ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;
მომავლის მკაფიო ხედვა;
მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.
“ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – აცხადებენ ისინი.
“გირჩი – მეტი თავისუფლება” და“დროა” აქამდეგიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად თანამშრომლობდნენ. თუმცა გიორგი ვაშაძე საარჩევნოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანდა.
2023 წლის დასაწყისში ხოშტარიამ თქვა, რომ სამეულს საერთო სიაზე ლაპარაკი არ ექნებოდა.
2023 წლის ივლისში სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური ალიანსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნა და მას “გამარჯვების პლატფორმა” უწოდა.
“ენმ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. და ამასობაში, კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ, მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით ყველა პროდასავლელ პარტიას შორის. ვგულისხმობ სტრატეგია აღმაშენებელს. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, და ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან, სტრატეგია აღმაშენებელთან ერთად გვექნება რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია”. – თქვა ხაბეიშვილმა.
გიორგი ვაშაძის თქმით კი ისინი იწყებენ გამარჯვების, ცვლილებებისა და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.
“ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.” – აღნიშნა ვაშაძემ.