გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნეს
“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა – “სტრატეგია აღმაშენებელი” შექმნეს.
“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში… შესაბამისად, არჩევანი ძალიან მარტივია, აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნების პარტია”, – თქვა ვაშაძემ ახალი პლატფორმის წარდგენისას.
პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო პროგრამას და პლატფორმის ახალ სახეებს 30 ივლისს წარადგენს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად ისნის ოლქში წარადგინა. თაკო ჩარკვიანი კი, საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე ამ დრომდე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა. ამ შეთანხმების თანახმად, ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, 120-ს კი პროპორციული სისტემით.