გახარია: ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს
საქართველოს ხელისუფლება ლოკდაუნის გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. მისი თქმით, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.
„დღესაც ვხედავთ, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც გვიწესებენ ეპიდემიოლოგები – ელემენტარულად უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია“, – განაცხადა გახარიამ.
•საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. რა სტრატეგია აქვს ქვეყანას
•პანდემია, შვედური მოდელი: ”მთავრობები უნდა ენდონ ხალხს”
•რუსეთი: ვის ეშინია 5G-ს და რატომ
პრემიერის თქმით, გაზაფხულზე მიღებული რადიკალური ზომები გამართლებული იყო მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვით გაურკვევლობის პირობებში და პირბადეების არქონის გამო.
„შემთხვევების მატება რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადება არ განიხილება.
„არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
„ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ პოლიტიკოსებს ვთხოვეთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია“.