გახარია: მწვანე ზონის სტატუსი შეიძლება დავკარგოთ, მაგრამ მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა
საქართველო რჩება „მწვანე“ ქვეყანად და სხვებთან შედარებით ეფექტურად მართავს პანდემიას ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე. ამის შესახებ 7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „მწვანე ზონის“ სტატუსი არ არის განმსაზღვრელი.
„ეს არ არის ახლა მთავარი განმსაზღვრელი ჩვენთვის. ჩვენ შეიძლება მწვანე ქვეყნის სტატუსი ხვალ დავკარგოთ, ზეგ ისევ მოვიპოვოთ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
•კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა და ოთხი გარდაცვლილი საქართველოში
•საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოდ იზრდება. რა სტრატეგია აქვს ქვეყანას
პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია არ გახდეს საჭირო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც სერიოზულ დისკომფორტს და რისკებს შეუქმნის ეკონომიკის აღდგენას და საარჩევნო პროცესის სწრაფად და ეფექტურად დასრულებას.
„ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები პანდემიის პირობებში საქართველოში“, – აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, სამედიცინო სისტემის კრიტიკული და მძიმე პაციენტების მართვის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში სრულად არის მზად იმისთვის, რომ კრიტიკული პაციენტები სწორად მართოს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ინფიცირებული ადამიანის კონტაქტი გადავიდეს თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენამდე ოჯახის ექიმის მართვაზე იყოს.