გახარია: ჩვენ აღვადგენთ ნდობას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან
“სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ხიდები და ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან,” – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას.
დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მომავალ გუნდს უსმენდნენ, რათა ნდობა გამოუცხადონ ახალ მთავრობას.
_______________________________
● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
____________________________
გახარიას თქმით, მომავალში საქართველოს მთავრობის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ “უფრო სტრუქტურირებული და კონსოლიდირებული იქნება”.
„ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან – ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ.” – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას ელის:
“ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.