ევროსასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლება 37 ათასი ევროთი დააჯარიმა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „შურია ზეინალოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო 37 ათასი ევროთი დააჯარიმა. ზეინალოვი სახელმწიფოს 2011 წელს, მისი შვილის, თურაჯ ზეინალოვის სიკვდილში ადანაშაულებდა.
72 წლის შურია ზეინალოვის განცხადებით, 2011 წელს, მისი 31 წლის შვილი, თურაჯ ზეინალოვი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროში, წამების შედეგად გარდაიცვალა.
• 16 წელი ბესლანის ტერაქტიდან – გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ვიდეო
• რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
ევროპის სასამართლომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებებში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევა დაინახა: სიცოცხლის უფლება და წამება.
რა მოხდა 2011 წელს?
თურაჯ ზეინალოვი ნახიჩევანის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 28 აგვისტოს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მიიღეს ზეინალოვის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება, თუმცა, ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, „სასწრაფოს“ მანქანაში გარდაიცვალა.
მომხდარის შემდეგ, აზერბაიჯანულ მედიაში გამოჩნდა ფოტოსურათები და ვიდეო, რომელიც თურაჯ ზეინალოვის წამების შედეგად გარდაცვალებას ადასტურებდა. ახლა ეს ფოტოები და ვიდეო ინტერნეტში აღარ იძებნება.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა, მაგრამ ზეინალოვის მამამ სამართალდამცავ ორგანოებს მისი შვილის წინასწარგანზრახვით მკვლელობის შესახებ განცხადებით მიმართა. სასამართლომ გარდაცვლილის მშობლების განცხადება არ მიიღო. 2012 წელს, ზეინალოვის ოჯახმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს მიმართა სარჩელით სასამართლო ორგანოების უმოქმედობის შესახებ, მაგრამ მათ არ უპასუხეს.
ამ მოვლენების ფონზე, ზეინალოვების ოჯახი სპეცსამსახურების მხრიდან დევნის ობიექტი გახდა.