ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა Интер РАО, რომელიც საქართველოში ენერგოაქტივებს აკონტროლებს
ევროკავშირმა Интер РАО დაასანქცირა
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Интер РАО-ს, რომელიც შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოში „თელასის“, „თელმიკოს“, „ხრამჰესი I”-ისა და „ხრამჰესი II”-ის არაპირდაპირი მფლობელია. გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს კომპანიის მიერ საქართველოში კონტროლირებულ აქტივებზე და მიმდინარე კორპორაციულ გარიგებებზე.
„თელასი“ და „თელმიკო“ საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებია, თუმცა განსხვავებული ფუნქციები აქვთ.
● „თელასი“ – თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ოპერატორია. კომპანია ფლობს და მართავს დედაქალაქის ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურას (სადენები, ქვესადგურები და სხვა ქსელი) და მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.
● „თელმიკო“ – ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა. ის ელექტროენერგიას ყიდულობს საბითუმო ბაზარზე და თბილისის საყოფაცხოვრებო და კომერციულ მომხმარებლებს აწვდის. სწორედ „თელმიკო“ გასცემს ელექტროენერგიის გადასახადის ქვითრებს და მომხმარებლებთან მიწოდების ხელშეკრულებებს აფორმებს.
● „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ (ხრამის ჰიდროელექტროსადგურები) საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია. ისინი მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე ხრამზე და ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ეს ორი სადგური საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქვეყნის შიდა წარმოებაში თავისი წვლილი შეაქვს.
Интер РАО ევროკავშირის სანქცირებულ სუბიექტთა სიაში რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, 23 ივლისს შეიყვანეს. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ არსებული კომპანია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული ჯგუფია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკაში.
საბჭოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია Интер РАО-სგან ფინანსურ სარგებელს იღებს როგორც კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების, ისე მფლობელების მიერ მიღებული დივიდენდების სახით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის შეფასებით, კომპანია ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც ბრიუსელი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიასა და ყირიმის ანექსიაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.
კორპორაციული სტრუქტურის მიხედვით, Интер РАО ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. ეს კომპანია პირდაპირ ფლობს „თელასის“ აქციების 75.108%-სა და „თელმიკოს“ 75.471%-ს.
Интер РАО ასევე არაპირდაპირ ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ Gardabani Holdings B.V.-ს, რომელიც სრულად აკონტროლებს „ხრამჰესი I-სა“ და „ხრამჰესი II-ს“.
ამავე დროს, Silk Road Holdings-მა „თელასის“ დარჩენილი 24.892%-იანი წილის შესაძენად სატენდერო შეთავაზება უკვე გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 31 ივლისს იწურება, მათი განხილვა 7 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო გარიგების დასრულება 21 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.
რა გავლენა შეიძება მოახდინოს სანქციებმა
Интер РАО-ს სანქცირებულთა სიაში მოხვედრამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ კომპანიების საქმიანობაზეც, რომლებსაც ის საქართველოში არაპირდაპირ აკონტროლებს. ევროკავშირის სანქციების მოქმედების ფარგლებში, ევროკავშირის ბანკებსა და კომპანიებს შესაძლოა აეკრძალოთ სანქცირებული კომპანიის მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებულ იურიდიულ პირებთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება, მათთვის ეკონომიკური რესურსების მიწოდება ან გარკვეული მომსახურებების გაწევა.
შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს თავად Интер РАО-ს შესაძლებლობასაც, გამოიყენოს საკუთარი უფლებები ნიდერლანდებში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით. ეს შეიძლება მოიცავდეს ხმის მიცემის უფლებას, დირექტორების დანიშვნას, დივიდენდების მიღებასა და დამტკიცებას, წილების შეძენა-გასხვისებასა და სხვა მნიშვნელოვან კორპორაციულ გადაწყვეტილებებს.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „თელასის“ დარჩენილი წილის შესყიდვის პროცესსაც. იმის გამო, რომ სატენდერო შეთავაზების განმახორციელებელი Silk Road Holdings ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, გარიგებას შესაძლოა ნიდერლანდების შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ნებართვა დასჭირდეს, რაც ტრანზაქციის შეფერხების ან შეჩერების რისკს ზრდის.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირს „თელასი“, „თელმიკო“ და „ხრამჰესები“ სანქცირებულთა სიაში ცალკე არ შეუყვანია. თუმცა, ევროკავშირის სანქციების წესების მიხედვით, აქტივების გაყინვის მექანიზმი, როგორც წესი, ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებსაც სანქცირებული პირი ან ორგანიზაცია პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს, ან მათში საკონტროლო წილს ფლობს.