ეუთო-ს გენერალური მდივანი: საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალური მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ხალხისთვის, ისე რეგიონის ინტერესებისთვის. მისივე თქმით, ეუთო მოწადინებულია საქართველოს დაუმტკიცოს, რომ ისინი მოწადინებული არიან ჩაერთონ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა და საქართველოს საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
ფერიდუნ სინირლიოღლუ თბილისს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ ვიზიტის ფარგლებში ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“.
ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.
ამ ვიზიტამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდა, არ ჩამოსულიყო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. მისი თქმით, ვიზიტი აღიქმება როგორც „ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა“.
რა თქვა ეუთოს გენერალურმა მდივანმა
“ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში.
სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია.“ – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
რა თქვა მაკა ბოჭორიშვილმა
“ეუთო-ს საწყისიდან 50 წლის თავზე, ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგულნი, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო, საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.