"ატლანტიკური საბჭოს" ქართველი თანამშრომლების ანგარიშებს ყადაღა დაედო
გაზიარება
გაზიარება
ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას ანგარიშებს ყადაღა დაადეს
მეოთხე დღეა ამერიკული ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორ თანამშრომელს, ეთო ბუზიაშვილს და სოფო გელავას, რომლებიც საქართველოში რუსული გავლენის და დეზინფორმაციის გავრცელებას იკვლევენ, შეზღუდული აქვთ წვდომა საკუთარ ანგარიშებზე.
24 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებმადე ორი დღით ადრე გელავას და ბუზიაშვილის საცხოვრებელ სახლებში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. იმავე დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ სამ ოფისში – ამოიღეს ტექნიკა და დალუქეს სამუშაო სივრცეები. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებები ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
კონკრეტულად რა აკავშირებს ორ მკვლევარს “ქოლცენტრების” დანაშაულებრივ სქემასთან, უწყებას ამის შესახებ განმარტება არ გაუკეთებია.
სასამართლოს განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია: წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება. ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა. რგანიზებული ჯგუფის მიერ ფულის გათეთრება. ეს ბრალდებები 5-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოკითხვაზე გელავ და ბუძიასვილი ჯერ არ დაუბარებიათ, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მათ წინააღმდეგ შეზღუდვები უკვე აამოქმედა და მათ ანგარიშებს ყადაღა დაედო ე.წ. ქოლცენტრების საქმის ფარგლებში.
„ალბათ რეპუტაციული ზიანის მოყენების მცდელობაა. ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი „ქოლცენტრების“ საქმეში გასვარონ. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ აპირებენ დაგვაკავშირონ. ჩემი ბანკის ანგარიშებზე ვერ იპოვიან ისეთს ვერაფერს, რისთვისაც ზედმეტი ინტერპრეტაციის მიცემა შესაძლებელია. მაქვს სახელფასო ანგარიში და მაქვს ანაბარი, სადაც მთელი ცხოვრება ვაგროვებ ცოტ-ცოტას, სადაც ეს დაფიქსირებული იქნება“, – უთხრა ეთო ბუზიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ბუზიაშვილის და გელავას საქმეს გამოეხმაურა ჰელსინკის კომისია. კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონის განცხადებაში წერია, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში“.
“ატლანტიკური საბჭო” საქართველოს ხელისუფლებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს და ელის თავისი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩამორთმეული ტექნიკის დაბრუნებას.
ამ დროისთვის ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას სახლებიდან ამოღებულია აქვს მათი პირადი ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები. თავად მკვლევრებს გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსი აქვთ.