შრომის ინსპექცია ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ანაზღაურებას გააკონტროლებს
ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასი
2023 წლიდან საქართველოს შრომის ინსპექცია ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის ანაზღაურებას გააკონტროლებს.
2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექთნების კი საათში 4.4 ლარით განისაზღვრა.
მანდატის გაფართოების შედეგად, შრომის ინსპექციას აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკები დაჯარიმდებიან, თუმცა ჯარიმების ოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც, მათივე განმარტებით, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას და კლინიკას ასევე დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.
“შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებლების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად!” – განმარტავენ უწყებაში.
● რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023 წლიდან
● სამკურნალოდ თურქეთში. რატომ არ ენდობიან ქართველები ჯანდაცვის საკუთარ სისტემას
● საქართველოს პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას მხარი დაუჭირა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებს და ექთნებს ხელფასი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით გადაუხადოს. ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი მომდევნო წლებში, ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დადგენის მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო გამოცდილება შეისწავლა. ასევე, გაეცნო საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კერძო კლინიკებში არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ექიმის ხელფასი საათში 5.5 ლარიდან 6.2 ლარამდე მერყეობს.