„ძირითადი ინსტინქტი“ - რუსეთის საგარეო უწყებამ სერბეთის პრეზიდენტი შეურაცხყო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ სერბეთის პრეზიდენტის მისამართით სოციალურ ქსელებში განთავსებულმა შეურაცხმყოფელმა პუბლიკაციამ, სერბეთში აღშფოთება გამოიწვია.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ვაშინგტონს ესტუმრა, სადაც აშშ-ის შუამავლობით, კოსოვოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
ზახაროვამ ეს მოვლენა იმდენად უზრდელურად შეაფასა, რომ ეს დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა.
• ჩეჩნეთის ლიდერმა აშშ-ის სანქციებს ორი ტყვიამფრქვევით ხელში უპასუხა
• მომღერალი ზარა მგოიანი ბაქოს მუსიკალურ ფესტივალზე მარია ზახაროვას დაწერილი სიმღერით წარსდგა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის ფოტო, სადაც სერბეთის პრეზიდენტი კაბინეტის შუაში ზის სკამზე, აშშ-ის პრეზიდენტი კი მაგიდის უკან არის მოკალათებული.
ამ ფოტოს მან მიამაგრა სხვა ფოტო ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“, სადაც მთავარი გმირი პოლიციის განყოფილებაში ფეხს ფეხზე იდებს, რათა პოლიციელების ყურადღება გადაიტანოს.

ამ კოლაჟს ზახაროვამ ტექსტიც დაურთო:
„თუკი თქვენ თეთრ სახლში დაგიძახეს, სკამი კი ისე დადგეს, თითქოს დაკითხვაზე იყოთ, დასხედით ისე, როგორც ფოტო #2-ზე. ვინც არ უნდა იყოთ, უბრალოდ დამიჯერეთ“.
სერბეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ქვეცნობიერი ყველაზე მეტს ამბობს ადამიანზე, ყველაზე მეტი საკუთარ თავზე მარია ზახაროვამ თქვა. პრიმიტივიზმი და გამარტივება ყველაზე მეტად საუბრობს მათზეც, ვინც ეს გამოაქვეყნა“.
„ისინი არ აფასებენ იმას, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა და არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მათგან გაზსა და იარაღს ყიდულობს.
და არ დავიწყებ სხვისი პრიმიტიულობის ახსნას“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ზახაროვამ ამის შემდეგ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი პოსტის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.