დმანისში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში ოთხი ადამიანი დაჭრეს
ოთხი ადამიანი დაიჭრა დმანისში, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების დროს.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წინასაარჩევნო შტაბთან.
როგორც მეშველიანი ამბობს, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შტაბთან რამდენიმე უცნობი ადამიანი მივიდა, რომლებიც ითხოვდნენ შტაბის თავმჯდომარესთან შეხვედრას.
მათ მოსვლას ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებასა და სროლაში გადაიზარდა.
მეშველიანი ამბობს, რომ თავდასხმის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობაა”.
მისი თქმით, დაჭრილებს შორის არიან როგორც “ქართული ოცნების” აქტივისტები, ისე დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებიც.
„ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჩემი ოპონენტის [კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”] ხელწერა, რომლის ამოცნობაც ძალიან მარტივად შეიძლება – ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა ოცნების ოფისებზე“, – განაცხადა მეშველიანმა ჟურნალისტებთან.
ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში პროვოკაციაზე ისაუბრა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემაც. მან თქვა, რომ „დმანისში რამდენიმე საათის წინ რამდენიმე ნასვამი ადამიანი მივარდა ჩვენს [ქართული ოცნების] შტაბს.”
მომხდარის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ტელეკომპანია “მთავარი”.
არხის ინფორმაციით, დაპირისპირება “ქართული ოცნების” წიაღშივე – ოცნების მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შორის მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქურდულ სამყაროსთან და კრიმინალებთან დაკავშირებული ზურაბ ოკმელაშვილია. როგორც “მთავარი” აღნიშნავს, სწორედ ოკმელაშვილმა დაჭრა რამდენიმე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან.
საქმეზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით.
დმანისი ქვემო ქართლის რეგიონშია. ეს ის რეგიონია, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი ძალადობრივი შემთხვევა მოხდა საარჩევნო თემატიკაზე.
მაგალითად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის 29 სექტემბერს, მარნეულში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს თავის, ხელისა და მუცლის არეში. მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კამერა დაუმტვრიეს „საზოგადოებრივი არხის“ ოპერატორს.
_________________________________
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დანიშნული. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.