კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 680
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი რეკორდული მაჩვენებელი – 680 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ამჯერად თბილისშია გამოვლენილი – 297. გარდაიცვალა 7 პაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, შემთხვევები შემდეგნაირად განაწილდა:
- თბილისი – 297;
- აჭარა – 189;
- იმერეთი – 150;
- შიდა ქართლი – 12;
- ქვემო ქართლი – 11;
- მცხეთა-მთიანეთი – 9;
- გურია – 6;
- სამეგრელო -ზემო სვანეთი – 3;
- კახეთი – 2;
- სამცხე -ჯავახეთი – 1;
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციებში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში რეგულაციები მიღებული იქნება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი – 13 521 მიაღწია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7 159 პაციენტი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმშია – 5 590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი.