ჩხოროწყუში მეშვიდეკლასელებს ადგილობრივი მერიის ტუალეტი გაარეცხინეს. დაწყებულია გამოძიება
სამეგრელოში, ჩხოროწყუში მეორე საშუალო სკოლის მეშვიდეკლასელები ადგილობრივი მერიის შენობაში მიიყვანეს და იქ ტუალეტი მოარეცხინეს.
ბავშვებს უთხრეს, რომ ისინი შაბათობაში იღებდნენ მონაწილეობას. საქმის კურსში იყო სკოლის დირექტორიც და დამრიგებელიც.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით.
_______________________________
ეს ინფორმაცია პირველად ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, რადიო “ათინათიმ” გაავრცელა.
ვიდეო, რომელსაც “ათინათი” ავრცელებს ერთ-ერთი მოსწავლის მიერ მობილური ტელეფონითაა გადაღებული.
ვიდეოში ჩანს როგორ რეცხავენ ბავშვები ტუალეტის იატაკს ქაფიანი წყლით. ეს ვიდეო ფეისბუკზე გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ბავშვები სკოლიდან გაიყვანა ადამიანმა, რომელსაც სკოლასთან შეხება არ აქვს.
ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ლია ჯალაღონიამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ სკოლაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც სკოლას დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შესთავაზა.
„ერთ-ერთი პირი მივიდა სკოლაში უთხრა დირექტორს, რომ გამგეობასთან ერთად არის დასუფთავების პროექტი და სხვა სკოლებთან ერთად თუ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ აქციაში. დირექტორი შევიდა შეცდომაში, რადგან ასეთი საკითხები წყდება მხოლოდ სამინისტროს გავლით. ეს არის უხეში დარღვევა, რადგან როდესაც სკოლაში შემოდის უცხო პირი ან სამსახური, ყველაფერი წყდება სამინისტროს გავლით. დირექტორმა არ იცოდა კონკრეტულად სად იყო ეს აქცია“, – უთხრა ჯალაღონიამ “რადიო თავისუფლებას”.
ამ ადამიანის ვინაობას თავად მოსწავლეები ასახელებენ – აღმოჩნდა, რომ „დასუფთავების აქციის“ ინიციატორი ეთერ ჯაფარიძეა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.
ჯაფარიძემ ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული “აქცია” მთლიანად მისი მოფიქრებული და ორგანიზებულია და მისი მოტივაცია იყო, რომ მოსწავლეებში შრომისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გაეღვივებინა:
„წამოვიყვანე ეს ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გახდნენ შემდგომში მერები, მხატვრები, ინჟინრები, ტურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭირდეს და შვილებს დასჭირდეთ, არანაირი საქმე არ უნდა ითაკილონ“, – უთხრა ეთერ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ჩხოროწყუს მერიის ხელმძღვანელი პირები ირწმუნებიან, რომ აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი თქმით, ჯაფარიძე მერიის თანამშრომელი აღარ არის 25 იანვრიდან.
ოპოზიციისთვის ეს არგუმენტები საკმარისი არ არის. ადგილობრივი აქტივისტები ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ.

თავად დავით გოგუა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა:
“ეს მიუღებელი ფაქტია. ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება გვქონდა, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მე მოკითხული მაქვს ეს საქმე და ჩართულიც ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიდეს. ვისი ბრალეულობაც იქნება, ყველა უმკაცრესად დაისჯება”.