ჩერნობილში ატომური ავარიები 1986 წლამდეც ხდებოდა. რა წერია ახალ დოკუმენტებში
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე უბედური შემთხვევები 1986 წლამდეც ხდებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირმა ეს ფაქტები დამალა. ამის შესახებ ცნობილი გახდა კრებულის ”КГБ-ს ჩერნობილის დოსიე. მშენებლობიდან უბედურ შემთხვევამდე“ მეორე წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივისა და უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
კრებული მოიცავს 229 დოკუმენტს, რომელთა უმეტესობა პირველად ქვეყნდება. წიგნში ნახსენებია ჩერნობილის კატასტროფის აქამდე გასაიდუმლოებული დეტალები და მოვლენები, რომლებიც მას უძღოდა წინ. წიგნის პრეზენტაცია სიმბოლურად ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ჩატარდა.
- საშიში თემა: რატომ დევნიან რუსეთში გარემოსდამცველ აქტივისტებს
- მეწამორი – ატომური სადგური
- სსრკ: ლეგიტიმური დასასრული
უშიშროების სამსახურის არქივის დირექტორმა და პუბლიკაციის ერთ – ერთმა თანაავტორმა ანდრეი კოგუტმა თქვა, რომ ახალ წიგნში შესულ დოკუმენტებს შორის არის ცნობები 1986 წელს მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ, 26 აპრილის ღამეს ჩერნობილის ატომურ სადგურზე სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, პირველი ცნობები ავარიის შესახებ, ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და “სარკოფაგის” მშენებლობის თაობაზე.
უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის თავმჯდომარემ ანტონ დრობოვიჩმა კი დასძინა, რომ ამ მასალებით ტრაგედიის უკეთ გაცნობიერებაა შესაძლებელი: აქ მოყვანილია კატასტროფის წინაპირობები, მოხსენებები და მასალები, რომლებიც მიუთითებს “მცირე” ავარიებზე, რომლებიც ადრე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა და იმალებოდა.
გამოცემა დოკუმენტური წიგნების სერიის გაგრძელებაა. პირველი წიგნი, რომელიც 210 დოკუმენტს შეიცავს, 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა.