ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი “ლელოს” შეუერთდა
ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი “ლელოში” გაწევრიანდა.
გაიაშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას იმედები გაუცრუა, რის გამოც “ლელოში” გაწევრიანება გადაწყვიტა.
„ჩემთვის პოლიტიკაში ჩართვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა, იმედი დავკარგე. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“, – განაცხადა გაიაშვილმა.
• „ფაშისტები!“ – რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შემდეგ. ფოტო და ვიდეო
• გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში
“ლელოს” რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ ასევე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი, ადვოკატი ლევან სამუშია და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და გლდანის მაჟორიტარ დეპუტატი ლევან კობერიძე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება.
პარლამენტის 120 წევრი არჩეული იქნება პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატი – მაჟორიტარული ოლქებიდან.
პროპორციული სიით დეპუტატის გაყვანისთვის, პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში ხმების 1% უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო ბლოკმა იმდენი 1%, რამდენი პარტიაც არის მასში გაწევრიანებული. მაგალითად, თუ საარჩევნო ბლოკში სამი პარტიაა გაერთიანებული, მაშინ მან პარლამენტში დეპუტატების გაყვანისთვის სულ მცირე ამომრჩეველთა ხმების 3% უნდა მიიღოს.
დანარჩენ 30 ადგილს კი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული კანდიდატები შეავსებენ.