ბათუმი და ქუთაისი იხსნება, ავტოსახელოსნოები მუშაობას იწყებენ - საქართველო შეზღუდვებს ამსუბუქებს
5 მაისიდან საქართველოს ორი დიდი ქალაქი – ბათუმი და ქუთაისი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით იყო ჩაკეტილი, იხსნება.
ორივე ქალაქში შესვლა და გასვლა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
რატომ ინფიცირდებიან ექიმები უკრაინაში?
ჯერჯერობით შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება კიდევ ორ ქალაქს, რომელიც ასევე ჩაკეტილია 15 აპრილის შემდეგ – თბილისსა და რუსთავს. ორივე ამ ქალაქში შესვლა-გამოსვლა კვლავ შეზღუდულია. თუმცა, პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლოა, ეს ქალაქებიც გაიხსნას.
“ვფიქრობ, შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე ეს საკითხი თბილისსა და რუსთავზეც დადებითად გადაწყდება,” – ამბობს გახარია.
გარდა ამისა, 5 მაისიდან საქართველოში რამდენიმე სხვა შეზღუდვაც უქმდება:
● იწყენებ მუშაობას ავტოსახელოსნოები;
● განაახლებენ საქმიანობას სამშენებლო კომპანიები. მუშაობის უფლება მიიღო ასევე ყველა იმ კომპანიამ, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს და მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა.
4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 593 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 223 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
პრემიერის განმარტებით, ყველა ის კომპანია, რომელიც 5 მაისიდან მუშაობას განაახლებს, ვალდებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვას.
როგორც გახარიამ განაცხადა, ამ კომპანიებს ყოველდღიურად შეამოწმებენ, თუ რამდენად დაცულია აქ ჰიგიენის ნორმები და სხვა რეკომენდაციები.
______________________________
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. საქართველოს 4 დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 15 აპრილს ჩაიკეტა.