აზერბაიჯანში მოსახლეობას მოუწოდეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთონ
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოვიდა და ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა. ეს დოზა სავალდებულო არ არის და არანაირი ცვლილების შეტანა COVID-პასპორტის მიღების წესებში არ იგეგმება.
- საქართველოში 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრიან. ვის ეკუთვნის „ბუსტერი“
- აზერბაიჯანში 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვეს
ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდება
„დღეისათვის უფრო გადამდები „დელტა“ შტამის არსებობა, ვირუსთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს. გარდა ამისა, ამინდის სეზონური ცვლილებები ასევე შეიცავს პანდემიის ფართოდ გავრცელების რისკებს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ კვლევები გარკვეული დროის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ვაქცინების ეფექტურობის შემცირებას აჩვენებს.
„ჩნდება იმუნიტეტის ასამაღლებლად მესამე (ბუსტერ) დოზის გაკეთების აუცილებლობა, რაც დაავადების მიმართ ორგანიზმის მიუღებლობას გაზრდის. აღვნიშნავთ, რომ თურქეთში, ჩინეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ფინეთში, უნგრეთში, რუსეთში, ესპანეთსა და შვეიცარიაში უკვე დაიწყო ეს პროცესი.
ბოლო სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და COVID-19-ის მუტაციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს რისკ ჯგუფში შემავალ ან ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, სამედიცინო მუშაკებს, ასევე, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ვაქცინის ორი დოზა, გაიკეთონ პრეპარატის „ბუსტერ“ დოზა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინისტროში ასევე დასძინეს, რომ მესამე დოზის სახით შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც დარეგისტრირებულია აზერბაიჯანში.
მესამე დოზა სავალდებულო არ არის
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, დახურულ შენობებში განთავსებულ დაწესებულებებში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებსაც COVID-პასპორტები გააჩნიათ. ეს ელექტრონული დოკუმენტი გაიცემა ადამიანებზე, რომლებიც უკვე აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით ან ინფექცია უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანეს.
ამ წესების დამრღვევი მოქალაქეები და დაწესებულებების მეპატრონეები მსხვილი ჯარიმებით ისჯებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ახალ განცხადებაში COVID-პასპორტის მიღების წესებში რაიმე ცვლილებების შეტანის შესახებ საუბარი არ არის და ვაქცინის მესამე, „ბუსტერ“ დოზის მიღება აბსოლუტურად ნებაყოფლობითია.
აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში COVID-19-ის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ოპერატიულ სიტუაციას გაეცანით აქ.
ვაქცინაცია აზერბაიჯანში
ამ დროისთვის, აზერბაიჯანში ოთხი ვაქცინით აცრაა ხელმისაწვდომი – SinoVac, Pfizer, Sputnik V და AstraZeneca. ამ უკანასკნელით აცრა მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.
2021 წლის 10 ოქტომბრისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინის ერთი დოზით აცრილია ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 48.9 პროცენტი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღო მოსახლეობის 41.1-მა პროცენტმა.