საქართველოში 50 წლის ზემოთ მოქალაქეებს მესამე დოზით აცრიან. ვის ეკუთვნის "ბუსტერი"
ვის ეკუთვნის ბუსტერი – 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვის და ასევე
იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, საქართველომ დაუშვა კორონავირუსის ვაქცინის ე.წ. “ბუსტერი” დოზა.
გადაწყვეტილება იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ამავე სხდომაზე გადაწყდა 12 წელს ზემოთ არა ყველა, არამედ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე და რისკ ჯგუფებში მყოფი ბავშვების აცრა (აქამდე საქართველოში მხოლოდ 16 წელს ზომოთ ასაკის მოქალაქეებს ცრიდნენ).
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტავს, ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ შემდეგ ჯგუფებს, რომელთა მეორე დოზის აცრიდან გასულია მინიმუმ 6 თვე;
● 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებს;
● ქრონიკული დაავადებების მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს;
● სამედიცინო პერსონალს
● სხვა მაღალი რისკის პროფესიების ადამიანებს;
● დახურული დაწესებულებების თანამშრომლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს;
რომელი ვაქცინით აცრილებს ეხება მესამე დოზა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზად შესაძლებელია აირჩიო ქვეყანაში არსებული ვაქცინებიდან ნებისმიერი. იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე აზუსტებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი მოქალაქეებისთვის ე.წ. ბუსტერი საჭირო არ არის.
“ბუსტერ დოზა არ ეხება ყველა ვაქცინას. საქართველოში არსებული ოთხი მწარმოებლიდან, AstraZeneca-ს აქვს გაცხადებული, რომ მისი ვაქცინა ორი დოზის გაკეთების შემდეგ არ საჭიროებს გაძლიერებას, ბუსტერს, ვინაიდან, მისი იმუნიტეტი გრძელდება ხანგრძლივად”, — განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბუსტერს გაუკეთებენ ასევე უკვე აცრილ მოქალაქეებსაც, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან
ასევე, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა იმ პირს, რომელიც მოგზაურობას აპირებს და შესაბამის დამადასტურებელ საბუთს წარადგენს, მისთვის სასურველი ვაქცინის “ბუსტერ” დოზას გაუკეთებენ.
ამ შემთხვევაში პირობაა, რომ პირველი ვაქცინაციიდან გასული იყოს, მინიმუმ, 28 დღე.
“რადიო თავისუფლებამ” დეტალები ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტა. მაგალითად, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორი დოზა “სინოფარმით” ან “სინოვაკით” და მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს ამ კონკრეტულ ვაქცინას, შეუძლია აიცრას, მაგალითად, “ფაიზერით”. ეს წესი ამოქმედდება, როგორც კი შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება. აცრისთვის საკმარისი იქნება ბილეთების წარდგენა, რითაც დადასტურდება მოგზაურობა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მოგზაურობის მიზნებიდან გამომდინარე ე.წ. ბუსტერის მოთხოვნით მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუსტერ დოზაზე რეგისტრაცია მომავალი კვირიდან დაიწყება ვაქცინაციის სამთავრობო საიტზე.
________________________
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო 15 მარტს.
7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 1,844,965 დოზა ვაქცინა გაკეთდა. სრულოად აცრილია 849,946 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 29,8 პროცენტია.
ბოლო დროს, ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა. თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 8 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.