„პუტინის ბრძანებით?" - პოლონეთის საზღვართან ყოფილი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი დააკავეს
პოლონეთის საზღვართან უკრაინის „ოფიცერთა კავშირის“ წევრი, აზერბაიჯანის ყოფილი სახელმწიფო მოხელე ელხან ნურიევი დააკავეს. მას ინტერპოლი 33 დღის განმავლობაში ეძებდა. პოლონელი სამართალდამცავები ამჟამად აზერბაიჯანის პრეტენზიების მართებულობას სწავლობენ.
დაკავებისას ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს, აზერბაიჯანში ნურიევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მისი მეგობრის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ადალათ იუსუბის თქმით, ნურიევის დაკავება შესაძლოა “პუტინის ბრძანებაა”.
„სამწუხაროდ, გადამწყვეტი დარტყმა აზერბაიჯანიდან იქნა მიტანილი“, – დასძინა იუსუბმა.
ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის მოქალაქე ელხან ნურიევი უკრაინიდან პოლონეთში შესვლისას დააკავეს. ის არის უკრაინის „ოფიცერთა კავშირის“ წევრი, ამ სტრუქტურის ცენტრალური კონტროლისა და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მაგრამ სანამ უკრაინაში გადაინაცვლებდა, ნურიევი აზერბაიჯანში საჯარო მოხელე იყო.
ვინ არის ელხან ნურიევი?
დაიბადა 1962 წელს აზერბაიჯანის გუბადლის რაიონში. ელხან ნურიევი მსახურობდა საბჭოთა არმიაში უკრაინის ტერიტორიაზე. სამსახურის შემდეგ იგი დარჩა ამ ქვეყანაში და დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი.
1991 წელს, როდესაც აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი გამწვავდა, ის დაბრუნდა აზერბაიჯანში და შეუერთდა მოხალისეთა თავდაცვის ბატალიონს მშობლიური გუბადლის რაიონის დასაცავად.
1992 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, აბულფაზ ელჩიბეის ბრძანებით, ნურიევი დაინიშნა გუბადლის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელად.
მაგრამ 1993 წლის 24 აგვისტოს, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
რამდენიმე თვის შემდეგ ნურიევმა დატოვა აზერბაიჯანი და დაბრუნდა უკრაინაში. მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და აქტიურად მონაწილეობდა ამ ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რაში ედება ბრალი?
როგორც აზერბაიჯანული პორტალი ASNTA წერს, ელხან ნურიევს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (განზრახ მკვლელობა) და 309-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით წაუყენეს. სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ნურიევი ინტერპოლს გადასცა.
აზერბაიჯანის ოპოზიციური “დემოკრატიისა და კეთილდღეობის” პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ადალათ იუსუბის თქმით, როგორც უკრაინის მოქალაქე, ელხან ნურიევი არაერთხელ ყოფილა საზღვარგარეთ, მათ შორის პოლონეთსა და თურქეთში.
”მას არასდროს ჰქონია პრობლემები ქვეყნებს შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე”, – თქვა იუსუბმა.
ადალათ იუსუბის თქმით, ნურიევის უკანასკნელი ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეობა მიეღო ევროპის ქვეყნებთან კონსულტაციებში, უკრაინაში რუსეთის დანაშაულების დაგმობის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა და მომზადების შესახებ.
ვინ “ბრძანა” ნურეევის დაპატიმრება?
„ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, მე შევესწარი ელხან ნურიევის არაერთ ვიზიტს ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში. ამ მოგზაურობის დროს სასაზღვრო პუნქტებზე არასოდეს შექმნია პრობლემა. 30 წლის შემდეგ, სერიოზულ ეჭვებია, რომ ეს იყო რუსული ბრძანება.” – ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი.
მისი თქმით, ევროპაში ბოლო გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ელხან ნურიევმა სოციალურ ქსელში მოგზაურობის დროისა და მიზნის შესახებ განცხადება გააკეთა.