ავსტრალიელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებული მმართველი პარტიის აქტივისტია
ავსტრალიის 31 წლის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია – მკვლელობის ბრალდებით შსს-მ უკვე დააკავა 33 წლის თბილისელი რაფაელ მურსაკულოვი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე, შანაი ბრულის მეზობლად ცხოვრობდა.
მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, არის მობილური ტელეფონი, რომლის წართმევასაც ცდილობდა მურსაკულოვი შანაი ბრუკისთვის.
გამოძიების თანახმად, მკვლელი გენეტიკური გამოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 წლის შანია ბრუკი 30 ივლისს საღამოს 16 საათის შემდეგ გაუჩინარდა. ამ დროისთვის იგი თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე, პარკში სეირნობდა. ბრუკს მაშველები და მოხალისეები 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ქალის ცხედარი პარკის დაცვის სამსახურის პოსტთან ახლოს, ტოტებითა და ფოთლებით დაფარული იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.
ავსტრალიელი ქალი საქართველოში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. სიკვდილის წინ, რამდენიმე წუთით ადრე ის ტელეფონით ესაუბრებოდა მეგობარს შეერთებულ შტატებში. სწორედ მეგობარმა გაიგო ყურმილში, რომ ქალს ვიღაც დაესხა თავს და იგი შველას ითხოვდა.
რაფაელ მურსაკულოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და როგორც მისი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ამბობს, დუმილის უფლებას იყენებს.
იმავდროულად, ადვოკატის თქმით, დაკავებული აცხადებს, რომ იგი არ იცნობდა ავსტრალიის მოქალაქეს.
“ქართულ ოცნებასთან” კავშირი
33 წლის ბრალდებულს Facebook გვერდზე სამუშაო ადგილად ქართული ოცნება აქვს მითითებული.
მურსანკულოვის ადვოკატიც ადასტურებს, რომ რაფაელ მურსაკულოვი იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი.
”მას არ სურს ამ თემაზე საუბარი. ის იყო “ქართული ოცნების” აქტივისტი”, თქვა გოგლიჩიძემ.
_______________________________________________________________
- თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს
- ავსტრალიელი ტურისტი ქალის მკვლელობამ უცხოელები შეაშინა. რამდენად უსაფრთხოა საქართველო მათთვის?
- რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ
____________________________________________________________
როგორც ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გამოარკვია, მურსაკულოვი მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შანაი ბრუკის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება. ეს ინფორმაცია “მთავარ არხს” მთაწმინდის საოლქო კომისიის წევრმა, გიორგი ზირაქაშვილმა დაუდასტურა.
ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება.
ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება.
გარდა ამისა, ინტერნეტში “რაფაელ მურსაკულოვის” ძიების შედეგად ჩნდება პოსტი, რომელიც განთავსებულია სამთავრობო რესურსზე StopCOVID-19. იქ ნათქვამია, რომ იგი არის “მოხალისე მთაწმინდაზე”. ფოტოზე მურსაკულოვს აცვია ტანსაცმელი თბილისის მერიის ლოგოთი. ეს პოსტი ამჟამად წაშლილია საიტიდან.