ასლან ბჟანიას თქმით, აფხაზეთი მზადაა საკრუიზო გემი Astoria Grande მიიღოს
ასლან ბჟანია საკრუიზო გემზე
მას შემდეგ რაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმის პორტიდან პროტესტით გააცილეს, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, “რესპუბლიკა მზადაა”, საკრუიზო გემი Astoria Grande მიიღოს. ბჟანია რუს ტურისტებს თბილად დახვედრას ჰპირდება.
“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის Astoria Grande-ს ტიპის გემები მიიღოს. გიწვევთ ჩვენთან აფხაზეთში და რუს ტურისტებს თბილ დახვედრას გპირდებით, აფხაზური სტუმართმოყვარეობით”. – თქვა ბჟანიამ ТАСС-სთან ინტერვიუში.
ბჟანიამ მაგალითად სოჭსა და სოხუმს შორის საკრუიზო სერვისი მოიყვანა, რომელსაც Prince Vladimir ივნისის ბოლოდან ახორციელებს.
“თუ ჩვენ ადეკვატურად მივიღეთ Prince Vladimir ლაინერი, მაშინ Astoria Grande ლაინერიც იპოვის ადგილს”. – განაცხადა მან.
● “თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით” – რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში საკრუიზო ლაინერით შემოვიდნენ
● “სანამ ჩვენ ვსწავლობთ, ისინი ფუძნდებიან” – საზღვაო სეზონი “ოკუპირებულ” ბათუმში
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად სენატორი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ბათუმში აქციას სააკაშვილის აქტივისტები აწყობდნენ და მისივე განმარტებით, “სიძულვილის ბაცილა”, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ასევე, კარასინი აღნიშნავს, რომ საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ “სააკაშვილის მყვირალები” დემონსტრაციით.
31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.
საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.