გრიგორი კარასინი: ბათუმში აქციას სააკაშვილის აქტივისტები აწყობდნენ
გრიგორი კარასინი ბათუმის აქციაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად სენატორი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ ბათუმში აქციას სააკაშვილის აქტივისტები აწყობდნენ და მისივე განმარტებით, “სიძულვილის ბაცილა”, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ასევე, კარასინი აღნიშნავს, რომ საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ “სააკაშვილის მყვირალები” დემონსტრაციით.
31 ივლისის დილას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.
საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.
“საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ სააკაშვილის მყვირალები თავიანთი დემონსტრაციით ბათუმში ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენივე ლაინერით ჩავიდნენ? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები. პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც…” – დაწერა კარასინმა ტელეგრამზე.
● “თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით” – რას ამბობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბათუმში საკრუიზო ლაინერით შემოვიდნენ
● “სანამ ჩვენ ვსწავლობთ, ისინი ფუძნდებიან” – საზღვაო სეზონი “ოკუპირებულ” ბათუმში
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
მოგვიანებით მას ტელეკომპანია “ფორმულა” დაუკავშირდა, რომელთან საუბრისას კარასინმა განაცხადა, რომ ორიენტირება უნდა მოხდეს საღ აზრზე და არა ცალკეული ადამიანების განცხადებაზე.
“ჩვენთვის ძვირფასია მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობა საქართველოსთან და ამის განვითარება გვინდა. ამ მიმართულებით თბილისს ძალიან ჯანსაღი პოზიცია აქვს. რაც შეეხება ცალკეული ტურისტისა და გაუგებარი ადამიანის განცხადებად, ამაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკურ ხაზს.” – აღნიშნა კარასინმა.