ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა
გაზიარება
გაზიარება
ბჟანიასა და ლავროვის შეხვედრა
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ბჟანიამ უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერა გამოხატა, საქართველოს ლიდერებს – პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გარდა – პრაგმატული პოლიტიკოსები უწოდა და ლავროვს აფხაზეთის უმაღლესი ორდენი გადასცა.
„აფხაზეთი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ უკრაინის სპეცოპერაციაში“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მისი აზრით, საქართველოს მმართველი პარტია ძალიან პრაგმატულად იქცევა და ესმის, რომ „მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა“.
“პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს.ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს ასეა.
აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან.თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს.” – განაცხადა ბჟანიამ.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ მოსკოვი გააგრძელებს იმ სახელმწიფოთა წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს:
„მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკის განვითარებაში და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს ურთიერთობაში.”
და ბოლოს, ასლან ბჟანიამ ლავროვს გადასცა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ახძ-აფშის I ხარისხის ორდენი „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში, აფხაზურ-რუსეთის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო