აშშ-ის საელჩო საქართველოში ამბობს, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც “სასტიკ და გაუმართლებელ” ძალადობაზეა პასუხისმგებელი. საელჩო, ასევე აცხადებს, რომ “დაუყოვნებლივ” უნდა გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ადამიანები.
“ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის – მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით.
ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.”
დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირი ყველა ვარიანტს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს. ჰერჩინსკის შეფასებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან” შეუთავსებელია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბებიან და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.