მესტიისა და ხულოს შემდეგ ალტ-ინფოს ოფისი შუახევშიც დახურეს
ალტ-ინფოს ოფისი შუახევშიც დახურეს
პროპუტინური და ძალადობრივი ტელევიზიის, ალტ-ინფოს დაფუძნებული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი შუახევშიც დაახურინეს.
„კონსერვატორები ვართო, მომატყუეს. „კონსერვატორებიდან“ მე ძიძიგური ვიცოდი და ვიფიქრე, ორ კაპიკს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ სულ სხვა რაღაც ყოფილა. მერე მითხრეს, ვინც იყვნენ და მოვიცილე“, – ამბობს ფართის მეპატრონე დავით დავითაძე.
ალტ-ინფოს ოფისი დახურეს გუშინ ხულოში. ადგილობრივების თქმით, როცა ფართის მესაკუთრემ მათი იდეოლოგიის შესახებ გაიგო, ოფისი დაატოვებინა. რამდენიმე დღის წინ ალტ-ინფოს ოფისი დაახურინეს მესტიაშიც.
● პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები
● არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
● MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
2021 წლის 7 დეკემბერს, საჯარო რეესტრმა პრორუსული “ალტ-ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დაარეგისტრირა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი – გიორგი ქარდავა. სწორედ “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
ახალ პოლიტიკურ პარტიას სწორება ძირითადად რუსეთზე აქვს. „ალტ-ინფოს“ და პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე საქართველო ფონს ვერ გავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ეთერების ხშირი სტუმარია რუსი ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი და პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.
პარტიაში ამბობენ, რომ არ არიან „პრორუსულები“ და პარტიაც „პროქართული“ ექნებათ, თუმცა იგივე ზურაბ მახარაძე ღიად აცხადებს, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებიც ასე გადაიჭრება.
მათ მკვეთრად გამოხატული პროპუტინური პოზიცია აქვთ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზეც. იმავე კონსტანტინე მორგოშიას თქმით, “პუტინმა იცის რასაც აკეთებს და უკრაინელებმა ომის მიზეზები საკუთარ ხელისუფლებაში უნდა ეძებონ.”