„ალტ-ინფოს“ აქციაზე შსს-მ 26 ადამიანი დააკავა
ალტ-ინფოს წევრების დაკავება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე 26 ადამიანი დააკავა, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურა მახარაძე და ირაკლი მარტინენკო. ასევე, მამა-შვილი, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
ისინი დააკავებული არიან ადმინისტრაციული წესით – ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და სავარაუდოდ, ამას კავშირი არ აქვს მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან, რომლის ფარგლებში, 27 ივნისს, პოლიციამ გამოკითხა ზურა მახარაძე, კოკა მორგოშია და შოთა მარტინენკო.
2 ივლისს თბილისში დაგეგმილია “პრაიდ კვირეულის” ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.
გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, როცა ქუჩაში გამოსულმა მოძალადეებმა ორგანიზებულად იძალადეს მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელზე, წელს „თბილისი პრაიდმა“ უარი თქვა საჯარო მანიფესტაციაზე. ამის მიუხედავად, „კვირეულის“ დაანონსებისთანავე პროპუტინისტური ჯგუფები მის ჩაშლაზე საუბრობენ საკუთარი ტელევიზიის, „ალტ-ინფოს“ ეთერში და სხვადასხვა პლატფორმებზე.
“ალტ-ინფოს” დამფუძნებლები კოკა მორგოშია, ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე 27 ივნისს დაიბარეს.
სამართალდამცველების კითხვები ეხებოდა 2 ივლისს მათ მიერ დაგეგმილ აქციას ლგბტ თემის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი მოქმედებები არ იქნება, თუმცა ამბობენ, რომ არ გამორიცხავენ გარკვეულ პროვოკაციებს.
27 ივნისს TBILISI PRIDE-მა კვირეულთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. განცხადებას შეუერთდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.
უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა პრორუსული, ძალადობრივი, ულტრარადიკალური მედია-ორგანიზაცია “ალტ-ინფო”, რომლის წარმომადგენლებმა გასული წლის ბოლოს პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
ალტ-ინფოს ეთერის მსმენელები დღეს უწყვეტ რეჟიმში ისმენენ უკრაინის ომის რუსულ ვერსიას – დასავლეთზე, რომელმაც წააქეზა უკრაინა და ზელენსკიზე, რომელმაც ნატოს გამო საკუთარი ხალხი არ დაინდო. საქართველოსთვის კი, ერთადერთი ხსნა და პრაგმატული გამოსავალი, რუსეთთან დიალოგია, – აცხადებენ ისინი, – და მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაუბრუნოს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას და მათი გაძლიერება საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კავშირს “ალტ-ინფოს” ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც.