ახალქალაქში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს: დღეს 8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ახალგაზრდის დაკრძალვაა. ახალი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავები სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ყველა ბრალდებულის სახლთან მორიგეობენ.
უსაფრთხოების მიზნით, ახალქალაქში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
მასობრივი არეულობა და დაპირისპირება, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა, ახალქალაქში 8 აგვისტოს საღამოს მოხდა.
ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით 27 წლის ვართიკ მირანიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ და დაარბიეს მკვლელობაში ბრალდებულის და მისი ახლობლების სახლები, გადაწვეს სასტუმრო.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 37 წლის არტურ გაბრიელიანი დააკავა.
ახალციხის სასამართლომ გაბრიელიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გაბრიელიანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის უფლებადამცველი, რომელიც სახაზინო ადვოკატია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
ადვოკატი ამბობს, რომ ეს ბრალდებულის სურვილია, რადგან გაბრიელიანი შიშობს, რომ მის სიცოცხლეს გარეთ საფრთხე ემუქრება.