"აგვისტოს ომის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოცხადდება
2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქმეზე არსებითი განხილვა 2013 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება, ხოლო მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება.
ამ მტკიცებულებებს შორისაა: ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განნაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული “ისკანდერის” ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
- საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი);
- განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
- მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).