აფხაზეთში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა იცოდნენ თუ არა ე.წ. დეპუტატებმა აფხაზური ენა
გაზიარება
გაზიარება
აფხაზური ენა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის პროფილურმა კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას წინადადებას, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი კანდიდატი აფხაზური ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნისგან დროებით გათავისუფლდებოდა.
გუნბას ინიციატივა ითვალისწინებდა, რომ არაეთნიკური აფხაზი მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას ენის ცოდნის მოთხოვნის ამოქმედება 2032 წლამდე გადადებულიყო. თუმცა, სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენისთვის დადებითი რეკომენდაცია არ მისცა.
საკითხის გარშემო დაპირისპირება იმდენად მწვავე აღმოჩნდა, რომ კომიტეტის სხდომა, მიუხედავად არსებული პროცედურული წესებისა, მედიისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის პრესსამსახურმა მხოლოდ მოკლე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კანონპროექტს კომიტეტის მხარდაჭერა არ მიუღია.
აფხაზეთში აფხაზური ენის ცოდნის მოთხოვნა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად რჩება. შესაბამისი კანონი პარლამენტის კანდიდატებისთვის 2021 წელს მიიღეს და მისი სრული ამოქმედება 2027 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
ბადრა გუნბას წინადადება სწორედ ამ ვადის გადახედვას ეხებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ახალი მოთხოვნის ამოქმედებას დამატებითი დრო სჭირდებოდა.
თუმცა, ინიციატივამ საზოგადოებაში ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ენის მოთხოვნის განსხვავებული ვადების დაწესება მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფას გამოიწვევს და აფხაზეთის კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“ვადების შეცვლის, გადამუშავების ან გადადების ნებისმიერი მცდელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობაზე, არა მხოლოდ უსაფუძვლო და გაუმართლებელია, არამედ არაკონსტიტუციურიც“, — განაცხადა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “სახალხო ძალაუფლება“.
ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივა გააკრიტიკა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამაც. მან ბადრა გუნბას მოუწოდა, კანონპროექტი უკან გაეწვია.
“ჩვენ არ უნდა გავხდეთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის მძევლები, რომელიც ანტიაფხაზურ და არაკონსტიტუციურ ინიციატივებს მიმზიდველი ფორმით გვთავაზობს. ზოგიერთი პოლიტიკოსი შესაძლოა ცდილობდეს მხარდაჭერის მოპოვებას არაფხაზი მოსახლეობის ნაწილისგან “ინტერნაციონალისტური“ დღის წესრიგით.” – განაცხადა ვალერი კვარჩიამ.
აფხაზური ენის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დაპირისპირების თემად, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.