აფხაზეთში დეპუტატობა უმაღლესი განათლების გარეშეც იქნება შესაძლებელი
ვინ შეიძლება გახდეს დეპუტატი აფხაზეთში
აფხაზეთში დეპუტატობა უკვე უმაღლესი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების გარეშე იქნება შესაძლებელი. ამას სახალხო კრების – აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატების არჩევის შესახებ საკონსტიტუციო კანონში შეტანილი ახალი ცვლილება ითვალისწინებს.
21 მარტს, პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატებმა მეორე მოსმენით უყარეს კენჭი შემდეგ ფორმულირებას:
„პარლამენტის დეპუტატად შეიძლება აირჩეს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო აფხაზურ და რუსულ ენებს. კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“
კანონპროექტიდან გამოირიცხა პირველი მოსმენით მიღებული ცვლილება, რომელიც ამბობდა, რომ „დეპუტატად შეიძლება აირჩეს აფხაზეთის მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება“.
აღნიშნული ცვლილება მერვე მოწვევის დეპუტატებს შეეხებათ. მათ 2027 წელს აირჩევენ.
ეს ცვლილება აფხაზეთში ბევრმა იუმორით აღიქვა.
„10 წელიწადში ყველა, ვინც ამ ტექსტის წაკითხვას შეძლებს, დეპუტატი გახდება. შეიძლება მაშინვე არა“, – წერს ბლოგერი თენგიზ ჯოპუა საკუთარ გვერდზე.
„ეს არის სახელმწიფოს დეგრადაციის სრულიად გააზრებული და მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედება. ყველაზე სახასიათო ის არის, რომ ამ არჩევანს აქტიურად უჭერენ მხარს მასები და გასულმა საპარლამენტო არჩევნებმა ეს ძალიან დამაჯერებლად აჩვენა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა რენატ კარჩაამ.
„ყველას შეუძლია, აბსოლუტურად ნებისმიერს! ვისაც ფული აქვს. გინდა “წყეული ნაძირალა” იყოს, გინდაც სულელი. იმიტომ, რომ მორალურად ისე გაღატაკებული ვართ, შეგვიძლია ჩვენი ხმა რაღაც კაპიკებზე გავყიდოთ. და არ გვანაღვლებს, რომ ისინი გადაწყვეტენ ჩვენი შვილების ბედს“, – ამბობს სოხუმში მცხოვრები საიდა ბობუა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო