აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას სთავაზობენ
აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი
აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე ირაკლი თუჟბა დაინიშნა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. დანიშვნის შესახებ ამბავმა მას აშშ-ში ჩაუსწრო, რითაც თუჟბას ოპონენტებმა ისარგებლეს და კინაღამ ჩამოაგდეს იმ სკამიდან, რომელში ჩამჯდარი ჯერ არც იყო.
ირაკლი თუჟბა ყოფილი მინისტრის, ინალ არძინბას ადგილს დაიკავებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ირაკლი თუჟბა გამოცდილ დიპლომატად ითვლება, ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აფხაზეთის დელეგაციას ჟენევის დისკუსიებზე. თუმცა, მისი ოპონენტები ცდილობენ ეჭვქვეშ დააყენონ ასეთი დანიშვნის მართებულობა.
მათ კოზირად სურთ გამოიყენონ ის ფაქტი, რომ დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე ხელმოწერის დროს ირაკლი თუჟბა და მისი მეუღლე იულია აშშ-ში ისვენებდნენ. იულია UNICEF-ში მუშაობს და ამ დეტალს აქტიურად იყენებს რამდენიმე ანონიმური ტელეგრამ-არხი, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის მიღებას „უცხოური აგენტების შესახებ“.
![](https://jam-news.net/app/uploads/2024/05/%D0%A2%D1%83%D1%88%D0%B1%D0%B0-1-1015x1024.jpg)
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი არხი ირწმუნება, რომ იულია არ წასულა შეერთებულ შტატებში დასასვენებლად, არამედ მან “გარკვეული” გრანტის ფარგლებში, ქმარიც თან წაიყვანა.
„ასე მიჰყავთ მაღალი თანამდებობის პირები „მეგობარ ქვეყნებში“, – ასკვნის არხი და მოითხოვს, რომ ირაკლი თუჟბას სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ჩაუტარდეს საჭირო შემოწმება. შემოწმებას ითხოვენ იულიასთვისაც, მათ შორის სიცრუის დეტექტორის გამოყენებით. როგორც ჩანს, ისინი მიანიშნებენ, რომ ახალი მინისტრი საზღვარგარეთ “დაავერბოვკეს.”
- აფხაზეთის საზოგადოება აგენტების კანონის წინააღმდეგ – ვინ რა თქვა?
- სოხუმი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს „დივერსიულ“ საქმიანობაში და საქართველოს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს
- აფხაზეთში USAID-ის დაფინანსებული პროექტები აიკრძალა
აიაშარას ტელეგრამის არხის რედაქტორი, ჟურნალისტი ნიზფა არშბა, თავის მხრივ, თვლის, რომ ამ კამპანიის უკან მისი ყოფილი უფროსი, ინალ არძინბა დგას, და სწორედ ის ეწევა ირაკლი თუჟბას დისკრედიტაციას.
არშბას თქმით, მინისტრობის 2,5 წლის განმავლობაში ინალ არძინბამ „სისტემურად გაანადგურა აფხაზეთის მთელი 30-წლიანი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა თავისი მერკანტილური ინტერესების სასარგებლოდ“.
ჟურნალისტი ჩივის, რომ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს გაუკეთებიათ რაიმე სასიკეთო აფხაზეთისთვის, ახლა ებრძვიან მას, ვინც წლების განმავლობაში ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო