აფხაზეთის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აფხაზეთი რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში უნდა შევიდეს. ეს, მისი თქმით, ხელს შეუშლის „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განადგურებას“. აფხაზეთში ბევრმა ეს პოზიცია ნეგატიურად მიიღო და „მოღალატეობრივიც“ კი უწოდა.
ვალერი არშბა, რომელიც ათი წლის განმავლობაში (1994-2004 წლებში) ვლადისლავ არძინბას პრეზიდენტობის დროს, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ამტკიცებს, რომ სოხუმმა აუცილებლად უნდა ეძებოს რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზები.
მან ამ იდეის მიზანშეწონილობა გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაასაბუთა.
არშბას აზრით, „დადგა დრო (რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ), როდესაც აუცილებელია ცხოვრების გადახედვა და ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება“.
პოლიტიკოსს სახიფათოდ მიაჩნია აფხაზეთის ხელისუფლების გარკვეული წრეების მინიშნებები შესაძლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მტრულ საქართველოსთან. ამ კონტაქტის საპირწონედ, არშბა რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გვთავაზობს.
„ქვეყნის შესანარჩუნებლად აფხაზმა ერმა, აფხაზეთის ელიტასა და ხალხთან ერთად, აუცილებლად უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ისე, რომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, მოემზადოს უკვე არსებულ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებისთვის“, – წევრს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.
„ჩვენ, ყველა ერთად უნდა მივიდეთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თანამონაწილე ვიქნებით აფხაზეთის სახელმწიფოსა და ერის სამომავლო განადგურების პროცესისა. და მომავალი თაობა ამას არასოდეს გვაპატიებს“, – ამტკიცებს არშბა.
სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობის რეაქცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე ძირითადად ნეგატიური აღმოჩნდა – ბევრმა მათგანმა არშბას პოზიციას „მოღალატეობრივი“ უწოდა.
საკავშირო სახელმწიფო – რა არის ეს?
ოფიციალურად, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო – არის რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ეტაპობრივად ორგანიზებადი ერთიანი პოლიტიკური ეკონომიკური, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო, იურიდიული, ჰუმანიტარული და კულტურული სივრცეებით.
მისი შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 1999 წელს მოეწერა. შეთანხმების წყალობით, ფაქტობრივად, ღიაა ქვეყნებს შორის საზღვარი, ბელარუსი კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს რუსულ ენერგორესურსებსა და რუსულ ბაზარზე წვდომის მხრივ.
თუმცა, დღევანდლამდე, მხარეები ჯერ ისევ არ შეთანხმებულან ერთიან ვალუტასა და ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურებზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო