აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა
აფგან სადიგოვი თავისუფალია
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით 16 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
მათივე ცნობით, აფგან სადიგოვს ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის 3 მაისს ეწურებოდა, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა, რომ სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიემართა.
28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აფგან სადიგოვის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, “სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში”.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი, 161-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა.
აფგან სადიგოვმა გათავისუფლების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა მისი პატიმრობის აქტიურად გაშუქებისათვის და აღნიშნა, რომ ის საქართველოში “დიქტატორი ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე შემდგარი კობახიძის აღსრულებით” დააკავეს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქართულ არასამთავრობოებს და საელჩოებს მხარდაჭერისთვის.
“პირველ რიგში, მივესალმები თქვენნაირ გაბედულ, თქვენნაირ მამაც ჟურნალისებს, რომლებსაც წარმოადგენთ ქართველი ჟურნალისტები საქართველოში.
დიქტატორ კობახიძეს და ასევე, განგსტერ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა იმიტომ, რომ თქვენნაირი მედიის წარმომადგენლები ჰყავთ საქართველოში.
ასევე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის დღის წესრიგში აყენებდით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და სოციალური სამართლიანობის ცენტრს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან.
საქართველოში თუ ვინმეს შეექმნება პრობლემები უსამართლობასთან დაკავშირებით მათი ხსნის გზა სწორედ სოციალური სამართლიანობის ცენტრი გახლავთ…
უსასრულო იქნება სია იმ ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ჩემგან მადლობა ეკუთვნით. საქართველოში მე დამაკავეს დიქტატორი ალიევის შეკვეთით და ამ დიქტატურის გზაზე შემდგარი კობახიძის აღსრულებით.” – თქვა სადიგოვმა.
კონტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალი ედება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით: “შანტაჟით გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების მითვისება დაუდგენელი პირისგან და ასევე, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით მუქარა“.
აფგან სადიგოვი, რომელიც საინფორმაციო პორტალ Azel.TV-ს ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანში პირველად დააკავეს 2020 წლის მაისში ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2020 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შემდგომში, სააპელაციო სასამართლომ ეს ვადა ექვს წლამდე, ხოლო აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ოთხ წლამდე შეამცირა.
ციხეში ყოფნისას, სადიგოვმა 242-დღიანი შიმშილობა გამოაცხადა. საბოლოოდ, მან სასჯელის ნაწილი მოიხადა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლდა, პატიმრობაში საერთო ჯამში ორი წელი და 15 დღე გაატარა.