ადამ კინზინგერი: საქართველოში ანტითურქული განცხადებების უკან რუსეთი დგას
ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში ანტითურქული განწყობების გაღვივების მცდელობის უკან რუსეთის კვალს ხედავს. განცხადებაში, რომელიც კონგრესმენმა Twitter-ში გაავრცელა, წერს, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას.
კინზინგერი მიიჩნევს, რომ თურქეთის საწინააღმდეგო განცხადებებით რუსეთი მის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის გადაფარვას ცდილობს.
კონგრესმენი წერს, რომ განცხადება, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, “არის სისულელე.”
“თურქეთი არის საქართველოსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. თუმცა, შეშფოთებული ვარ, რომ თავისი არსით, ეს განცხადება არის რუსეთის მხრიდან მცდელობა, თავიდან აიცილოს საქართველოს ტერიტორიის მესამედის უკანონო ოკუპაციის ბრალდება და საკუთარი როლი ეფექტიანად შეასრულოს საქართველოში მოახლოებულ მნიშვნელოვან არჩევნებში,” – წერია კინზინგერის განცხადებაში.

კონგრესმენი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცხოელი დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია გახადონ გამჭვირვალე და თავი შეიკავონ წამქეზებლური და საშიში რიტორიკისგან.
“მსოფლიო ადევნებს თვალს საქართველოს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დემოკრატიისკენ და ვიმედოვნებ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და ის მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას ასახავს,“ – წერს კინზინგერი.
კინზიგერის ეს განცხადება, სავარაუდოდ, პასუხია “პატრიოტთა ალიანსის” ქმედებაზე, როცა მათ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე განათავსეს ბანერი, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო მონიშნული და ბანერზე ეწერა: “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”

ამავე დროს, რუსული საგამოძიებო პლატფორმა – “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთი აფინანსებს და წინასაარჩევნო კამპანიასაც რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უგეგმავენ.