ომბუდსმენის თქმით, გახარიასთან კავშირის გამო, ათობით ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ათობით ადამიანი სამსახურიდან შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. კერძოდ, ამ პერიოდში 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.
მისი განმარტებით, ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.
თუმცა, ლომჯარია აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე:
“დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.”
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომები მათ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას სთხოვდნენ, რასაც ნაწილი თანამშრომლებისა დათანხმდა, ნაწილი კი – არა. ის ადამიანები, ვინც განცხადება არ დაწერა, სამსახურებიდან სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ, ომბუდსმენის ცნობით, დისციპლინური წარმოებაც დაიწყო.
“მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის – პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – წერია განცხადებაში.
ლომჯარიას განცხადებით, დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, ომბუდსმენი მიმართავს:
- ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს – პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე.
- საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს – დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
_________________________________
● მესამე ძალა თუ ივანიშვილის სატელიტი? ვინ როგორ აფასებს გახარიას პოლიტიკაში დარჩენას
● IRI: პატრიარქის შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული ადამიანი ექსპრემიერი გიორგი გახარიაა
● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი
____________________________________
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ხოლო 29 მაისს ახალი პარტია, “საქართველოსთვის” დააფუძნა.
გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, მისმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აქტიური საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყო რეპრესიები ექსპრემიერის კადრების წინააღმდეგ. საჯარო სამსახური რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა, მათ შორისაა ზუგდიდს ყოფილი მერიც.
როგორც გახარიამ თებერვალში, გადადგომისას განმარტა, მისი წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
14 აპრილს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” კიდევ ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მათ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნაა დააანონსეს. მათივე თქმით, დეპუტატები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.
ოცნება დატოვეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ.