საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, დაწესებულ რეგულაციებზე ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს. ასევე, მათი განმარტებით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა უკონტროლოდ იზრდება და ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 60 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევიდან
თბილისში დადასტურდა 942.
კლინიკების ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
- გადაუდებლად დაიწყოს 12-დან – 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ დავკარგავთ დროს “ჯანმოს” რეკომენდაციის მოლოდინში;
- გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, ამ მიზნით გადაუდებლად შეიქმნას 2-3 კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. ამავე დროს, გვარდიის რაზმებით პატრულირება არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს.
- სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას თელავივის “სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის” მიერ შექმნილი მედიკამენტის “EXO-CD24” (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ, ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს;
- კლინიკურმა საბჭომ ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე – ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია;
- აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები.
- სასურველია 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.
________________________________________________
● საქართველოში საველე ჰოსპიტლებმა დაიწყო მუშაობა
● საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
__________________________________________________
პედიატრისა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ ასეთი მძიმე ვითარება პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს არ ჰქონია:
“როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ – უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში, სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია.”
__________________________________________
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
___________________________________________
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო. იქ ორასამდე საწოლია მობილიზებული და პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო.
საქართველოში პირველი საველე ჰოსპიტალი დიღომში უკვე ამუშავდა, სადაც ხუთასამდე საწოლია. საველე ჰოსპიტალი გაიშალა სამგორშიც, თუმცა ის ჯერ არ ამოქმედებულა.
_______________________________________________
● Covid-19-ის მეოთხე ტალღა – რა ხდება საქართველოში. ბოლო მონაცემები
● ქართული კომპანიები აცრილ მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობენ
_______________________________________________
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად უკვე 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
NCDC ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია.
ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ provax.ge-ზე გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოში სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 0.19 პროცენტია.
ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა – 207 ინფიცირებულიდან მხოლოდ 8-ს (4 პროცენტი) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
საგულისხმოა ისიც, რომ სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა.