„თქვენი ტომოგრაფი ძალიან ძველია“ - როგორ შეურაცხყო აფხაზეთის პრემიერმა მეცენატები
გაფუჭებული ტომოგრაფი აფხაზეთში
აფხაზეთში მეცენატებმა თავი პრემიერ-მინისტრისგან შეურაცხყოფილად იგრძნეს. საქმე გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალის გაფუჭებულ კომპიუტერულ ტომოგრაფშია. ის, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიძინა და სახელმწიფოს აჩუქა რუსეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენელმა ორმა ბიზნესმენმა.
„ეს ტომოგრაფი მკვდარი იყო, როდესაც აქ ჩამოიტანეს. მას რესურსი ამოწურული ჰქონდა. 19 ათასი საათი ჰქონდა ნამუშევარი, თუმცა, არსებული პარამეტრებით მიიჩნევა, რომ 8-ათასიანი მაჩვენებლის შემთხვევაში ის 100 პროცენტით ნახმარია. იგივე მდგომარეობა იყო ტომოგრაფის მილის შემთხვევაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე.
„გარდაცვლილის რეანიმირება შეუძლებელია, კომპიუტერული ტომოგრაფის აღდგენა შეუძლებელია. ჰოსპიტალისთვის ახალი კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძენი, რომლის ღირებულებაც 60 მილიონი რუბლია (დაახლოებით, 800$)“, – განაცხადა ანქვაბმა.
და აქ პროტესტით გამოვიდა კომპანია, რომელმაც ტომოგრაფი გაყიდა და მოსკოვში, აფხაზური დიასპორის წარმომადგენელი მეცენატები, რომლებმაც ის შეიძინეს.
მათ განაცხადეს, რომ ტომოგრაფი სინამდვილეში გააფუჭა აფხაზეთში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ტექნიკური მომსახურების არარსებობამ.
კომპანია „Foresight medical“-მა, რომელმაც აპარატი გაყიდა და შემდეგ გუდაუთის ჰოსპიტალში დაამონტაჟა, განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ლიდერია მძიმე რადიოლოგიური აღჭურვილობის დამონტაჟების მხრივ და თავისი მუშაობის განმავლობაში, პირველად აწყდება მსგავს ბრალდებებს.
კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტები იმის შესახებ, რომ გაყიდვის წინ ტომოგრაფს ბევრი დეტალი გამოუცვალეს, მათ შორის, ახალი მილი დაუყენეს (ერთ-ერთი მთავარი ნაწილი).
„Foresight medical“ ამტკიცებს, რომ უფასოდ აღადგინა აპარატი და შეიმუშავა გუდაუთის ჰოსპიტალში კაბინეტების ვენტილაციისა და კონდიცირების პროექტი. და ასევე, აფხაზეთს აჩუქა ახალი ტრანსფორმატორი ტომოგრაფის უწყვეტი ელექტრომომარაგებისთვის, რომლის ღირებულებაც 3 მილიონი რუბლია (დაახლოებით 40 ათასი დოლარი).
„ამ ტომოგრაფს ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში უპრობლემოდ უნდა ემუშავა 2023 წლამდე. მაგრამ მისი ხარისხიანი მუშაობა დამოკიდებულია გარანტირებულ ხარისხიან ელექტრომომარაგებასა და ყოველკვარტლურ ტექნიკურ მომსახურებაზე“, – განაცხადეს „Foresight medical“-ში.
მაგრამ სწორედ ხარისხიანი ელექტრომომარაგებაა აფხაზეთში შეუძლებელი, რადგან უკვე წელიწადზე მეტია იქ მწვავე ენერგოკრიზისია.
გაირკვა, რომ ტომოგრაფი სწორედ იმ დღეს გაფუჭდა, როდესაც იმავე გუდაუთის ჰოსპიტალში, ელექტროენერგიის ძაბვის ცვალებადობის გამო, წყობიდან გამოვიდა ხელოვნური სუნთქვის აპარატი. მაშინ, ამის შედეგად, მასზე მიერთებული ორი პაციენტი გარდაიცვალი.
მაგრამ ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ერთი მიზეზია. პრემიერ-მინისტრის მიერ ფაქტობრივად ბრალდებების წარდგენის შემდეგ, კომპანიამ და მეცენატებმა თავისით დაიწყეს გარჩევა და გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა „Foresight medical“-თან გაეფორმებინა შეთანხმება შეღავათიანი პირობებით ტექნიკურ მომსახურებაზე.
თავისით მომსახურების ორგანიზება აფხაზეთში ვერ მოახერხეს და კომპიუტერული ტომოგრაფი საერთოდ პროფესიონალური მონიტორინგის გარეშე დარჩა.
აპარატის მყიდველი ბიზნესმენებიდან ერთ-ერთი, ნიკოლაი აჩბა ამბობს, რომ როდესაც 2020 წლის დასაწყისში მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რუსეთში კოვიდის საწინააღმდეგო რაიმე აღჭურვილობის შეძენა დიდი პრობლემა იყო.
„ჩვენი მეგობრების დახმარებით სასწაულებრივად მოვახერხეთ ამ კომპიუტერული ტომოგრაფის მოძებნა. თავისი მონაცემებით ის ოთხჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ის აპარატი, რომელიც გუდაუთის ჰოსპიტალში იმ მომენტში ჰქონდათ. რუსეთში აფხაზური დიასპორა ფულს აგროვებდა აღჭურვილობისა და მედიკამენტების შესაძენად პანდემიასთან ბრძოლაში აფხაზეთის დასახმარებლად, მაგრამ იმ დროისთვის უკვე ყველაფერი დახარჯული იყო სხვა რაღაცების შეძენაზე.
და მაშინ, მე და ვაჟა ჩაჩბა გავერთიანდით და 15 მილიონ რუბლად (დაახლოებით 205 ათას დოლარად) შევიძინეთ ეს აპარატი“, – ამბობს ნიკოლაი აჩბა.
„ლაპარაკი, რომ კომპიუტერული ტომოგრაფი მკვდარი ჩამოვიდა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, იმიტომ რომ, უნდა წარმოეთქვათ მადლიერების სიტყვები, – განუცხადა ტელეკომპანია „აბაზას“ ნიკოლაი აჩბამ – ამ აპარატმა ხომ ზუსტი დიაგნოზი დაუსვა 4 950 ადამიანს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, როდესაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა.
ზოგიერთებს, კოვიდის გარდა დაუდგინეს კიბო, ტუბერკულიოზი და სხვა დაავადებები“.
აჩბა ამბობს, რომ დაუკავშირდა „Foresight medical“-ს, უკვე გაიმართა ტომოგრაფის ონლაინ-დიაგნოსტიკა და კომპანია მზად არის ის გაარემონტოს. ეს, დაახლოებით, 5-6 მილიონი რუბლი დაჯდება (დაახლოებით 80 ათასი დოლარი).
„ეს 60 მილიონი არ არის, რომლის ამოღებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის საჭირო ახალი აპარატის შესაძენად. და ჩვენ თვითონ გადავიხდით გარემონტების ფულს“, – თქვა აჩბამ.
აფხაზ მეცენატებს მხარი დაუჭირა „მოსკოვის აფხაზური დიასპორის“ ხელმძღვანელობამ, ეს ორგანიზაცია დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლაში.
„ეს აფხაზეთის ხელისუფლებამ არ შექმნა კომპიუტერული ტომოგრაფის ექსპლუატაციისთვის აუცილებელი პირობები, კერძოდ, არ ტარდებოდა მისი ყოველკვარტლური ტექნიკური მომსახურება. და როდესაც პრემიერ-მინისტრი უმოქმედო აპარატთან დაკავშირებით კითხვებს უსვამს „მათ, ვინც ის შეიძინა“ – ის მანიპულირების გზით ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია „ჩვენ ყველას“ და მოსკოვის აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელობის ერთობლივ განცხადებაში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.