ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?
დღეს საქართველოს პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს დაამტკიცებს. ამ თანამდებობას უკვე მეორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის დაიკავებს.
პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
________________________________________________
● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი
___________________________________________________
რას ფიქრობენ ექსპერტები ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაზე
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი:
ღარიბაშვილის დაბრუნებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად არ წასულა პოლიტიკიდან. ეს მისი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი ბირთვი, რომელიც დღეს არის, შეიკრიბა ივანიშვილის გარეშე, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ღარიბაშვილს ჩააბარონ ქვეყნის მართვის სადავეები.
ღარიბაშვილს, რასაკვირველია, იქნება მკაცრი კურსი. ანუ, იქნება, მეტი ავტორიტარიზმი, მეტად დაკიდება ფეხებზე იმ პრინციპების, რასაც ჰქვია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი. ველოდები აღზევებას ცოტა უფრო მეტი ფაშისტების.
გია ხუხაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:
ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ.
გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამით რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდა. ხელისუფლების მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ისინი სხვა გზას ვერ ხედავენ.
რაც შეეხება უშუალოდ ღარიბაშვილს, მისი მაჩოური რიტორიკა სერიოზულად განსახილველი არ არის. ან ადრე ვის სჯეროდა მისი – გვახსოვს, ერთხელ გამოვიდა და განაცხადა იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა – გადავდექიო. მის განცხადებებს არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ. მას ეტყვიან დაჯექი – დაჯდება, ეტყვიან ადექი – ადგება, ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში და არა უმეტეს ამისა. აქედან გამომდინარე პროცესი არის ასეთი, რომ “ქართული ოცნება” არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა “ქართული ოცნება”, ეს იყო გახარია.
ვანო მაჭავარიანი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:
როდესაც გვყავს მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის კბილის ექიმით, დაცვის თანამშრომლით, მეორე დაცვის თანამშრომლით, მესამე დაცვის თანამშრომლით, მისი თანაშემწით, მდივნით და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილით, რომელიც ასევე ივანიშვილის გარემოცვის წევრია, როგორც ჩანს, ამ კლანურ მმართველობას გაგრძელება აქვს და მანიშნებელია, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა.
რას ემსახურება ღარიბაშვილის მოსვლა? – პოლიტიკის რადიკალიზაციას. სხვა ამოცანა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, გარდა ოპოზიციასთან დაპირისპირებისა. ამაზე დგას ეგ ძალა. ალბათ, ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში 3-4 პროცენტზე მეტს ვერ აიღებდა და ჩარეცხავდნენ, რაც ვიღაცის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გამოვიდა.
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
სერიოზულად თუ მივუდგებით, ღარიბაშვილი შეიძლება ამ სიტუაციაში „ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი იყოს (ხაზს ვუსვამ „ოცნებისთვის“. ქვეყნისთვის იქნება თუ არა, მეორე საკითხია)
რა ამოცანა დგას ახლა „ოცნების“ წინაშე? დემორალიზებული მხარდამჭერების შეკავშირება, ანუ ისეთი ფიგურის მოძებნა, რომელსაც მათ მხარდამჭერებში მეტ-ნაკლები რეიტინგი აქვს, მკაცრი ხელის განცდას შექმნის და ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში აღიქმება ადამიანად, რომელიც ოპოზიციას მაგრად დაუდგება.
ამ კრიტერიუმებს ღარიბაშვილი ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. დანარჩენი ამ ეტაპზე „ოცნებისთვის“ მეორეხარისხოვანია.
ედიშერ გვენეტაძე, ექსპერტი:
“ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა, ჩამოყალიბდა და წარმოჩნდა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.
მიუხედავად ასაკისა, მას აქვს დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს.
უდავოა, რომ ის საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა. მივესალმები იმას, რომ დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში, მოახერხა და ხელისუფლების პირველ პირად წარადგინა ისეთი პიროვნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება”.
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი:
ღარიბაშვილი დაიწყებს ჭიდაობას არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.
ღარიბაშვილი დააბრუნეს ავტორიტარიზმის გასამყარებლად, ოპოზიციის მიმართ ხისტი პოზიციის გასაძლიერებლად. ამ მიმართულებით, გახარიამ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ვერ ივარგა. ის, რაც გახარიამ ვერ გააკეთა, ღარიბაშვილი ხელის აუკანკალებლად გააკეთებს.
თუმცა, მეორე საკითხია, შევა თუ არა ღარიბაშვილი „ორჯერ მდინარეში“, ანუ შეძლებს თუ არა დაკისრებული მისიის (ავტორიტარიზმის გამყარება) შესრულებას, რასაც ის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს მეტ-ნაკლებად ახერხებდა. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს.
დავით დარჩიაშვილი, ექსპერტი, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი:
მითი ივანიშვილის წასვლაზე მითი აღმოჩნდა, ღარიბაშვილის დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა, რაც არის სიგნალი: „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა – იმას“.
ეს აჩვენებს, რომ „ოცნება“ მთლიანად გამწვავებაზე მიდის. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის საერთაშორისო რეზონანსი, რეაგირება იქნება.
თუმცა, რას იტყვიან ელჩები და როგორია საერთაშორისო კონტექსტი, ამის მოსმენის უნარი ღარიბაშვილს არ აქვს. ღარიბაშვილს არავისი მოსმენის უნარი არ აქვს გარდა ივანიშვილისა.
ეკა ბესელია (“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი):
ვის შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო? ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რატომ შეიძლებოდა მიეღო? – ვის მიმართაც ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია, ეს არის პარტიის ყოფილი ლიდერი, იცის ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი მისთვის სიურპრიზების მომწყობი არაა. კობახიძე ჩერჩეტია, ესეთი ჩერჩეტიც არ უნდა პრემიერად. მაგდენიც ესმის, რომ კობახიძის პრემიერად დასახელება არ შეიძლება. რაც შეეხება კალაძის პრემიერობას, მას ბოლომდე არ ენდობა.
_______________________________________________
• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● ოპოზიცია ახალ არჩევნების ითხოვს. ხელისუფლება მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს