აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:45 წუთზე დაეშვა.
● ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი: პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს “რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ”.
მაიკ პომპეო თბილისში ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
პომპეო საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა, საქართველოს შემდეგ კი ისრაელს ეწვევა.
„კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნები გაყალბდა ოლიგარქის მიერ“, – ამ შინაარსის ბანერებით ხვდებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო მდივანს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს მესიჯია სწორედ ის, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ჩამოსვლისას პირველად უნდა ნახოს.
● მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს
აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ემთხვევა – 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციები არ წყდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, არ ცნობს შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას. პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, დაძაბულობა მატულობს.
მის ჩამოსვლას საქართველოში ოპოზიციის აქცია მოჰყვება. აქცია ოპერის შენობიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით, 2 – მეტრიანი დისტანციის დაცვით, მდუმარედ გაიმართება და ყოველ ადამიანს, ვინც მივა, მდუმარე პროტესტისთვის სტიკერი მიეცემა, რომელსაც ეწერება: “გაყალბებულია”. სტიკერს დააფენს, დადგება, დაიჭერს შესაბამის პლაკატს, ასევე იქნება საქართველოს და ამერიკის დროშები.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2.გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;
3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.