«Future Shorts» ბაქოში
‘Future Shorts’ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია. ეს ღონისძიება, უკვე მეთორმეტე წელია, ტარდება და მასში 90 ქვეყნისა და 300 ქალაქის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ჩვენება ბაქოში ცენტრ Yarat-ის მიერ იყო ორგანიზებული და სამი დღის განმავლობაში ანშლაგით მიმდინარეობდა.
ფესტივალი გაიხსნა არასაკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმით „დაკარგული ოცნებები“, რომელიც ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ჩინგიზ მუსტაფაევმა გადაიღო. თუმცა, კონცეფცია განსაკუთრებული ორიგინალობით არ გამოირჩეოდა. მაყურებელმა დაკარგული სიყვარულით გამოწვეული ტანჯვის მარტივი ისტორია იხილა.
წარმოდგენილი იყო განსხვავებული ხანგრძლივობის (5–დან 20 წუთამდე) და სტილის (ავანგარდულიც და ყველასთვის გასაგები სიუჟეტის სურათებიც) ფილმები. ფესტივალის ყველაზე დიდი ნაკლი იყო სუბტიტრები.ბაქოს საზოგადოება ინგლისურს გაიგებდა, მაგრამ სხვა, სრულიად უცნობი ენებიდან ძალიან ცუდი ინგლისურითვე თარგმნილი სუბტიტრების გამო, მაყურებელს მხოლოდ კონტექსტის მიხედვით უნდა გამოეცნო, თუ რა ხდებოდა ეკრანზე.
ფესტივალზე სულ 7 ფილმი აჩვენეს.
შვედურ ფილმში „ჩრდილოეთის დიდი მთა“ მოთხრობილია 78 წლის ელას ისტორია,რომელიც წარმოშობით საამიდანაა, მაგრამ საკუთარ წარმოშობას არ ცნობს და თავს შვედად მიიჩნევს. დის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ის მშობლიურ ლაპლანდიაში ბრუნდება.
ავსტრალიურ მულტფილმში „გრეისი წყალქვეშ“ _ ლუ, რომელსაც საკუთარი ბავშვობა დაავიწყდა, და გერთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, იხსენებს, რომ ოდესღაც თვითონაც ასეთი ჩაკეტილი ბავშვი იყო.
დიდმა ბრიტანეთმა ერთდროულად ორი ფილმი წარმოადგინა _ მუსიკალური კლიპი “Lights, რომელიც საცეკვაო მოედანზე ერთმანეთისთვის უცნობ ორ ადამიანს შორის გაჩენილ ვნებაზე მოგვითხრობს, და „შემაფასე“ _ ფილმი ინტერნეტფორუმის მომხმარებლების შესახებ, რომლებიც მეძავ კოკოსთან საკუთარ გამოცდილებას აღწერენ, და თვითონაც ვეღარ ხვდებიან, სად სიმართლეა და სად _ გამონაგონი.
ამერიკულ მულტფილმი „ ყველა შენი საყვარელი შოუ“ იმ საფრთხეზეა, რაც, შესაძლოა, ტელევიზიით მეტისმეტად გატაცებული ბავშვის ფსიქიკას დაემუქროს.
ფრანგულ ფილმში „მოქალაქის დღე“ მოზარდების ჯგუფი „მოქალაქის დღისთვის“ ცნობის ასაღებად მიდის. თინეიჯერებს უხსნიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ „თავს ფრანგად გრძნობდე“. თუმცა, ამ აზრს ყველა არ იზიარებს.
ფესტივალის გამარჯვებული გახდა რუმინული ფილმი „ექსკურსია“ _ უბრალო, სადა ამბავი დაკარგულ ბიჭუნაზე, რომელმაც ვიდეოკამერა მოიპარა და გარშემო ყველაფერის იღებს, იმისთვის,რომ უცხოპლანეტელებს დედამიწა გააცნოს. სიუჟეტის მოულოდნელმა განვითარებამ ფილმი უდავო ფავორიტად აქცია.