დღეს თბილისის ზოოპარკში შვიდი მანგუსტი ცხოვრობს. ერთი შეხედვით, ეს პატარა, მოუსვენარი და საყვარელი არსებები მოფერების სურვილს გიჩენს, თუმცა, მანგუსტები მტაცებელი ცხოველები არიან და მათათან ახლო კონტაქტი არც ისე უსაფრთხოა.
ზოლიანი მანგუსტები ძირითადად აფრიკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, სავანებსა და ღია ტყეებში ბინადრობენ. ისინი სოციალური ცხოველები არიან და დიდ ჯგუფებად, ხშირად ოცამდე ინდივიდად ცხოვრობენ.
თბილისის ზოოპარკში მანგუსტები 2015 წლის წყალდიდობის მერე, დუისბურგის ზოოპარკიდან ჩამოვიდნენ. მაშინ ზოოპარკს აღდგენასა და განვითარებაში ევროპის არაერთი ზოოპარკი დაეხმარა. დუისბურგის ზოოპარკიდან ჩამოსულ 22 ცხოველს შორის ზოლიანი მანგუსტებიც იყვნენ. ახალმოსახლეები გარემოს მალე შეეჩვივნენ.
მანგუსტები ცნობილი არიან შხამიან გველებზე ნადირობის უნარით. მათ ძლიერი ყბები და ბასრი კბილები აქვთ, ჯგუფურად თავდასხმაც ახასიათებთ და ადამიანისთვის სერიოზული ზიანების მიყენება შეუძლიათ. ამიტომ, მომვლელები უსაფრთხოების ზომებს იცავენ და კვების წინ ცხოველებს დროებით შიდა ვოლიერში კეტავენ.
მანგუსტები ენერგიული და ცნობისმოყვარე ცხოველები არიან, მათთვის მნიშვნელოვანია, საკვების მიღებასთან ერთად მისი მოპოვების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.
მომვლელები მათ ყოველდღიურობას სხვადასხვა აქტივობით ამრავალფეროვნებენ: ზოგჯერ საკვებს ყუთებში უმალავენ, ზოგჯერ კი ვოლიერის სხვადასხვა კუთხეში ანაწილებენ, რათა ცხოველებმა თავად მოძებნონ.
განსაკუთრებით სახალისო სანახაობაა, როდესაც მომვლელები საკვებს სათითაოდ თოკებზე კიდებენ. მზადების პროცესს მანგუსტები შიდა ვოლიერიდან ადევნებენ თვალს. მათ უკვე კარგად იციან, რომ გარეთ საჭმელი ელოდებათ.
თოკზე დაკიდებული ხორცის ჩამოხსნა არც ისე მარტივია, ამიტომ მანგუსტები საკმაო დროსა და ენერგიას ხარჯავენ. ეს პროცესი მათთვის ერთგვარი გართობა და აქტივობაა, ზოოპარკის სტუმრებისთვის კი სახალისო სანახაობა.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.