"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში" - რა თქვა კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე
კობახიძე ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებში რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ეკლესიისა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე, ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაიმართება. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების სრულად აღდგენას ორი ძირითადი დაბრკოლება აქვს: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
„ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის კონტაქტები აქტიურად გაგრძელდება და შეხვედრებზე ყველა საკითხი განიხილება. კობახიძის განცხადებით, პირველი შეხვედრა შესაძლოა არც თბილისში და არც მოსკოვში, არამედ მესამე ქვეყანაში გაიმართოს.
კობახიძემ ასევე გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და განაცხადა, რომ ის ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს. მისი შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება ევროპისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
„რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ დიალოგს, ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია, კიდევ ერთხელ, არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი მეუფე იობის განცხადებასაც გამოეხმაურა. მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა 10 ნოემბრის ქადაგებისას ხელისუფლება ურწმუნოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა არსებობს. მოგვიანებით მან თქვა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.
კობახიძის განცხადებით, სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო დაპირისპირება ორივე მხარისთვის საზიანოა და მთავრობა პოლემიკაში ჩართვას არ აპირებს.
„სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ. ყველას მოვუწოდებ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით მზად ვართ შეხვედრისთვის, საუბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის ყოფილ წარმომადგენლად მიჩნეული ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მეუფე იობის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. კობახიძის თქმით, ნაცვლიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ამჟამად კავშირი არ აქვს, თუმცა წარსულში პარტიაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.
„ჩემთვის, ზოგადად, ასეთი ტიპის უხეში შეურაცხმყოფელი განცხადებები არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.
ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობებზე განცხადებების პარალელურად, კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ ბოლო პერიოდში შეძლო სტაბილურობის უზრუნველყოფა და ქვეყანა გარე ძალების მიერ დაფინანსებული დესტაბილიზაციის მცდელობებისგან დაიცვა.
პრემიერის განცხადებით, ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება იყო.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. დაგვჭირდა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა, მათ შორის, გარე საფრთხეებისგან. დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, ქვეყანაში მიღწეული სტაბილურობა ეკონომიკისა და ბიზნესის თანმიმდევრული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ეფექტიან ეკონომიკურ ჩარჩოს, კანონმდებლობასა და ძლიერ სამთავრობო გუნდს უკავშირდება. განსაკუთრებული მადლობა კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა სამშენებლო სექტორის მასშტაბებიც დაიცვა და პოლიტიკური ოპონენტები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი შეფასებით, მშენებლობას რეგრესულ მოვლენად წარმოაჩენენ.
კობახიძის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ხოლო თბილისში და ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლებას ემსახურება.
„მშენებლობა იმ მასშტაბით, როგორც ეს დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას. მოგეხსენებათ, განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში არის მოძველებული საბინაო ფონდი და სწორედ ამ აღმშენებლობის შედეგად ხერხდება მოძველებული საბინაო ფონდის ჩანაცვლება, ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის მშენებლობა, სავარაუდოდ, ბოლოს საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა, ხოლო დღევანდელი ვითარება ეკონომიკური განვითარების შედეგია.
