რუსული პასპორტი აფხაზეთში - უკეთესი ცხოვრების ბილეთი თუ სახიფათო ფუფუნება?
რუსული პასპორტი აფხაზეთში
აფხაზეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების მუშაობის რეფორმამ მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადებების დამუშავება 3,5-ჯერ დააჩქარა. ერთი შეხედვით, ეს მოსაწყენი სტატისტიკა აფხაზეთის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხს ასახავს.
ზოგი აფხაზისთვის რუსული პასპორტი ერთადერთი შესაძლებლობაა, მსოფლიო ნახოს, სხვებისთვის კარიერული წინსვლის ან ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის შანსი, მესამეთათვის კი ეჭვებისა და შიშის საგანია.
მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს, რის გამოც აფხაზურ პასპორტს აფხაზეთის ფარგლებს გარეთ პრაქტიკულად არანაირი ძალა არ აქვს. კერძოდ, ამ პასპორტით რუსეთის გარდა სხვა ქვეყანაში გამგზავრება შეუძლებელია. ამიტომ აფხაზეთის ბევრი მცხოვრები მეორე, რუსეთის მოქალაქეობას იღებს. თუმცა საქმე მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას არ ეხება.
სამჯერ უფრო სწრაფად
არც ისე დიდი ხნის წინ აფხაზეთის მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რიგის ნელი ტემპით სვლას მასობრივად უჩიოდნენ. საკონსულო თვეში მხოლოდ 120 ადამიანის დოკუმენტებს იღებდა, მაშინ როცა მსურველთა სიაში 3 ათასი ადამიანი იყო. ამის გამო ლოდინი სამ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.
ვითარების შესაცვლელად აფხაზეთში რუსეთის ახალმა ელჩმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. პროცესში ჩაერთნენ მართვის სახელოსნო „სენეჟის“ ექსპერტები, რომლებიც სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ მეთოდოლოგიით შრომის თანამედროვე ორგანიზების საკითხებზე მუშაობენ. მათი მთავარი ამოცანა დოკუმენტების მიღების პროცედურიდან ყველა ზედმეტი ეტაპის ამოღება, ლოგისტიკის გამარტივება და ამ გზით განმცხადებლებისთვის ხანგრძლივი ლოდინის თავიდან აცილება იყო.
პროექტს მხარი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც დაუჭირა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ მოხალისეებს დაევალათ, პირველადი კონსულტაციები გაეწიათ მსურველებისთვის და მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების სწორად შევსებაში დახმარებოდნენ.
2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის განცხადებების დამუშავების სიჩქარე 3,5-ჯერ გაიზარდა. საელჩო იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რიგს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სხვა საკითხია, ვინ არიან რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რიგში მდგომი ადამიანები და რისთვის სჭირდებათ ეს მოქალაქეობა? არიან თუ არა ისეთებიც, რომლებიც მის მიღებას არ ჩქარობენ, მაშინაც კი, როცა პროცედურა გამარტივებულია?
ამის გასარკვევად სოხუმის მცხოვრებლებს ვესაუბრეთ და მათი ისტორიები შევაგროვეთ.
პასპორტი, როგორც იზოლაციიდან გამოსვლის გზა
38 წლის დიანა ჭელიძისთვის რუსული პასპორტის მიღება იმ იზოლაციის დასასრულს ნიშნავს, რომელშიც მან თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარა.
ბავშვობაში დიანა რუსეთში ცხოვრობდა და სკოლაშიც იქ სწავლობდა, თუმცა მშობლებმა რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება ვერ მოასწრეს. მოგვიანებით დიანამ ამ საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება სცადა, მაგრამ გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერებს წააწყდა. სასურველი დოკუმენტის მიღება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც 2025 წელს აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის გამარტივებული წესით პასპორტების გაცემა განახლდა.
„ამ შანსს მრავალი წელი ველოდი. მთელი ჩემი ახალგაზრდობა აფხაზეთისა და რუსეთის საზღვრებს შორის გავიდა. პასპორტის მიღების შემდეგ პირველი ადგილი, სადაც გავემგზავრე, სტამბოლი იყო. ეს ენით აუწერელი გრძნობაა – უბრალოდ იყიდო ბილეთი და გაფრინდე. ახლა აქტიურად ვაგროვებ ფულს მალდივებზე წასასვლელად. 38 წლის ვარ და მხოლოდ ახლა მომეცა შესაძლებლობა, მსოფლიო ვნახო. წარმოუდგენლად მიხარია, რომ ეს თავისუფლება მომეცა“, – გვიზიარებს დიანა თავის სიხარულს.
კარიერული სტარტი და პენსია
თუ დიანასთვის რუსული პასპორტი მოგზაურობის შესაძლებლობას ნიშნავს, მისი ბევრი თანამემამულისთვის ეს სიამოვნების საკითხი კი არა, სოციალური და პროფესიული სტაბილურობის საბაზისო გარანტიაა.
ლიანა გიორგის ასული ავიძბა 71 წლისაა. მთელი ცხოვრება იმუშავა, ახლა კი მიზერულ, 6 000 რუბლის [დაახლოებით 70 დოლარის] ოდენობის აფხაზურ პენსიას იღებს.
„დღეს ამ თანხით ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. რუსეთის პასპორტი მხოლოდ იმისთვის გავიფორმე, რომ საბჭოთა პერიოდში დაგროვილი შრომითი სტაჟი გამომეყენებინა და რუსული პენსია დამენიშნა. ახლა, როცა დოკუმენტი უკვე ხელთ მაქვს, პენსიის გაფორმებას დაუყოვნებლივ შევუდგები“, – ამბობს ლიანა.
სხვა მოტივაცია აქვთ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ მომავალს რუსეთში დასაქმებას უკავშირებენ. რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მილანა კვიცინია ამჟამად მოქალაქეობის მიღების პროცესშია.
„რუსული პასპორტის გარეშე დღეს რუსეთში ნორმალური, ოფიციალური სამსახურის პოვნა ძალიან რთულია. დამსაქმებლებს უცხოელებთან ურთიერთობა დიდად არ სურთ. რუსეთში ვსწავლობ და იქვე ვაპირებ მუშაობას, ამიტომ პასპორტი ჩემთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა“, – განმარტავს მილანა.
მეორე მოქალაქეობა? არა, მადლობა!
თუმცა აფხაზეთის ყველა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას არ ესწრაფვის.
ალბინა, 10, 12 და 17 წლის სამი ვაჟის დედა, შეგნებულად აჭიანურებს მათთვის რუსული პასპორტების გაფორმების საკითხს. მისი მთავარი შიშია, რომ ვაჟებს სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანენ და რუსეთის არმიაში გაიწვევენ.
„მეუბნებიან, რომ ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში ბიჭები თავად შეძლებენ აირჩიონ, სად გაიარონ სამხედრო სამსახური. მაგრამ ამის არ მჯერა. ვხედავ, როგორ აჰყავთ სამხედრო აღრიცხვაზე ჩემი მეგობრების შვილები, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად არიან წასული. მშობლები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რომ ბიჭებს ფრონტზე გაგზავნიან.
დარწმუნებული ვარ, ჩვენთან [რუსეთის] მოქალაქეობის გაცემას უკვე აღარ შეაჩერებენ. როცა ჩემი ვაჟები გაიზრდებიან, თუ მოისურვებენ, თავად აიღონ. მაგრამ ამ ეტაპზე, როგორც დედა, რისკზე არ წავალ“, – ამბობს ალბინა.
24 წლის ლეონიდ ტოპჩიანი ეთნიკურად სომეხია და მიაჩნია, რომ რუსული პასპორტი საერთოდ არ სჭირდება. ლეონიდი მშობლებთან ერთად აფხაზეთში საოჯახო ბიზნესს ავითარებს – მოჰყავთ მანდარინი, ხურმა და ფეიხოა, რომელთაგანაც გასაყიდად შინაურ კომპოტებს, ხილის ტყლაპსა და ჩირს ამზადებენ.
„ჩემს მიწაზე ვმუშაობ, სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული და ყველაფერი მაკმაყოფილებს. რუსული პასპორტი უბრალოდ არ მჭირდება.
თუ ოდესმე მეორე მოქალაქეობას მივიღებ, მხოლოდ სომხეთისას. ჯერჯერობით სომხეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მაქვს, თუმცა ბევრი ჩემი მეგობარი და ნათესავი იქ აფხაზური პასპორტითაც დადის. ადგილობრივი დიასპორა ძალიან გვეხმარება.“ – ამბობს ლეონიდი.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას