ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის ჯარები საქართველოში
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (COE) რუსეთსსაქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის სხდომაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა.
● კომიტეტმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
● კომიტეტის მოწოდებებს შორისაა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტა.
● ასევე, რუსეთს მოუწოდეს, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილება, საკუთრებაზე წვდომა და ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ოკუპირებულ რეგიონებში.
● მინისტრთა კომიტეტმა ასევე მოითხოვა დევნილებისთვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა და მკვლელობების, გატაცებების, წამების, უკანონო დაკავებებისა და სხვა მძიმე დარღვევების პრაქტიკის აღკვეთა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორის საქმეზე მიაღწია გადაწყვეტილებებს, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმეებზე.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას, რათა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრული აღსრულება სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით იყოს უზრუნველყოფილი.