მოსაზრება: გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებამ დაადასტურა, რა ფასადური იყო 2024 წლის განცხადება
გაზიარება
გაზიარება
თამარ ონიანის მოსაზრება
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რა ფასადური იყო 2024 წლის განცხადება.
“ქართულმა ოცნებამ” სააგენტო გასული წლის თებერვალში შექმნა და მისი მიზანი უნდა ყოფილიყო: “საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.
სააგენტოს შექმნის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობაში განაცხადეს, რომ სამთავრობო საგრანტო ფონდით მხოლოდ ის ორგანიზაციები ისარგებლებენ, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს დაემორჩილებოდნენ და „უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად“ დარეგისტრირდებოდნენ.
17 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. მისი თქმით, სააგენტო “მილევად რეჟიმშია”.
“NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის… გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება.” – განმარტა კობახიძემ.
თამარ ონიანი: “ერთი საუკუნის წინ არც სტრასბურგის სასამართლო არსებობდა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სისტემა.
მაშინ ადამიანის უფლებები მეტწილად სახელმწიფოს “შიდა საქმედ” მიიჩნეოდა. უფლებადაცვითი ორგანიზაციების გარეშე ეფექტიანად ვერ იფუნქციონირებს ვერც ერთი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულება. შემთხვევითი არ არის ამ ორგანიზაციებისთვის კონვენციური სტატუსისა და უფლებამოსილებების მინიჭება.
ამიტომაც, თუ ვინმეს კოგნიტურ კომფორტს აძლევს აზრი, რომ ერთი საუკუნის წინ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არსებობდნენ, ეს ისტორიულადაც მცდარია და პოლიტიკურადაც სახიფათო (ბევრი დაიწერა ილია ჭავჭავაძის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე,” რომელიც სწორედ ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის მაგალითია).
სინამდვილეში, ნარატივი, რომელიც დღეს მოვისმინეთ, შემთხვევითი არ არის. ეს ზუსტად ის პრიზმაა, რომლის მეშვეობითაც არსებული რეჟიმი ადამიანებს ხედავს – უხმოს, დაქვემდებარებულებს და, შესაბამისად, უუფლებოს.
ფრაზა “ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ” ნიშნავს, რომ სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას. რეჟიმი ებრძვის მათ, ვისაც ამ უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული და ინსტიტუციური შესაძლებლობა აქვს. ანუ ებრძვის ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს.
რაც შეეხება სააგენტოს, მისმა საქმიანობამ და დღეს გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ მისი გაუქმების თაობაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად ფასადური იყო 2024 წელს, რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც “დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, შშმ პირთა მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და უმცირესობათა უფლებების დაცვა” და სხვა “კეთილ საქმეებად” იქნებოდა მიჩნეული, თუ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.”