„სხვა გზა არ დამიტოვეს“ - პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი ივანიშვილს შანტაჟში ადაშაულებს
ღარიბაშვილის წერილი ციხიდან
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ორგზის ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი ხელისუფლება შანტაჟში დაადანაშაულა. 2026 წლის 17 აგვისტოს ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ყოფილი პრემიერი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის დავალებით მას ახალი კორუფციული ბრალდების აღიარებასა და პოლიტიკიდან სამუდამოდ ჩამოშორებას სთხოვენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილის ყოფილი უახლოესი მოკავშირე მმართველი პარტიის დამფუძნებელს საჯაროდ უპირისპირდება.
საპროცესო შეთანხმების ულტიმატუმი და პოლიტიკიდან ჩამოშორების გეგმა
ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ფეისბუკგვერდებზე 17 აგვისტოს ბეჭდური წერილის ფოტო გამოქვეყნდა. გასაჯაროებულია მხოლოდ ოთხი აბზაცი. წერილის ავტორი და ღარიბაშვილისთვის მისი გადაცემის გზა უცნობია.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება ექს-პრემიერს კომპრომისულ გამოსავალს სთავაზობს. პირობების მიხედვით, ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ახალი, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდება.
გავრცელებულ წერილში დეტალურადაა აღწერილი შეთავაზების შინაარსი:
„ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.“
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღიარებული კორუფციული ბრალდება ხელისუფლებისთვის დაზღვევის მექანიზმი უნდა გახდეს. ამ გზით მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ყოფილმა პრემიერმა მომავალში პოლიტიკაში დაბრუნება ვერ შეძლოს.
ორი შეთავაზება და პოლიტიკური პირობა
გამოქვეყნებულ წერილში საუბარია რამდენიმე საქმეზე მუშაობის შესახებ. წერილის ავტორი ვარაუდობს, რომ ამ საქმეებს შესაძლოა კორუფციული ბრალდებები მოჰყვეს.
ტექსტში ღარიბაშვილის მოქმედების ორი შესაძლო გზა არის აღწერილი. პირველი ვარიანტი დავის გაგრძელებას გულისხმობს.

„ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ“, – წერია დოკუმენტში.
მეორე გზა წარმოდგენილია როგორც კომპრომისი. წერილის თანახმად, ღარიბაშვილმა უნდა აღიაროს ერთ-ერთი საქმე, რომლის დეტალებიც წინასწარ შეთანხმდება.
„ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ.“
ამავე ტექსტის მიხედვით, ახალი საპროცესო შეთანხმება პატიმრობის არსებულ ხუთწლიან ვადას არ გაზრდის. სასჯელები ერთმანეთს შთანთქავს და საბოლოო ვადა კვლავ ხუთი წელი დარჩება.
თუმცა შეთავაზებას პოლიტიკური პირობაც ახლავს.
„გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, – წერია დოკუმენტში.
წერილის ნამდვილობა დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. დაუდგენელია მისი ავტორიც. ასევე უცნობია, მართლაც მიმდინარეობს თუ არა ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმეების მომზადება.
ღარიბაშვილის პირველი ღია დაპირისპირება ივანიშვილთან
ეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი საჯარო დაპირისპირებაა ბიძინა ივანიშვილთან. ღარიბაშვილი წლების განმავლობაში მის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლებოდა.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ორჯერ დაიკავა. პირველად მთავრობას 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა, მეორედ კი 2021-2024 წლებში.
ღარიბაშვილმა საპატიმრო სასჯელი 2026 წლის 12 იანვარს მიღებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიიღო. მას ხუთწლიანი პატიმრობა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. სახელმწიფომ ორი ავტომობილი და 6,5 მილიონი დოლარიც ჩამოართვა.
საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხებოდა. ღარიბაშვილი სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის.
მისი ახალი განცხადება ნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი უკვე თავად აკავშირებს მის წინააღმდეგ შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯებს პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასთან. თუმცა გასაჯაროებული მასალა ჯერჯერობით მხოლოდ ღარიბაშვილის ვერსიას შეიცავს.
წერილში ნახსენები ირმა ინაშვილი პასუხობს
ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ირმა ინაშვილი და დიტო ჩუბინიძე არიან ნახსენები. ტექსტის მიხედვით, ისინი და “მათი მსგავსი მხარდამჭერები” და სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიები გარკვეული ეჭვების მიზეზი გახდა.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს“, – წერია დოკუმენტში.
ინაშვილმა ორგანიზებულ კამპანიებთან კავშირი უარყო. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია, თუმცა საკუთარ პოზიციას საჯაროდ და დამოუკიდებლად გამოხატავს.
„არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით!“ – წერს ინაშვილი.
მან საკუთარი კრიტიკის მთავარ ადრესატად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაასახელა.
„მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს“, – განაცხადა ინაშვილმა.
ოპოზიცია პოლიტიკურ ნეიტრალიზაციაზე საუბრობს
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ღარიბაშვილის წერილს ხელისუფლების შიგნით დაპირისპირების ნიშნად აფასებენ. მათი განცხადებები პოლიტიკური შეფასებებია და წერილში აღწერილი გარემოებების ნამდვილობას არ ადასტურებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, წერილის შინაარსი ღარიბაშვილის დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს.
„ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილთან ვაჭრობა, კიდევ მეტს მოგისჯი, თუ პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის გარანტიებს არ მომცემო, იმას ადასტურებს, რომ მისი დაჭერის მოტივი არა კორუფციონერის დასჯა ან ზოგადად კორუფციასთან ბრძოლაა, არა რაიმე საჯარო თუ სახელმწიფო ინტერესია, არამედ ბიძინას პირადი პოლიტიკური ინტერესი“, – წერს გვარამია.
მან წერილის ნამდვილობასთან დაკავშირებით დათქმაც გააკეთა. ამასთან, გვარამიამ ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციაზე განსაკუთრებული აქცენტი დასვა.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განცხადება ქვეყანაში არსებულ მმართველობის მოდელს დაუკავშირა. მისი თქმით, ოჯახის მიმართ შესაძლო მუქარა სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.
„ცალსახაა, რომ ღარიბაშვილი საუბრობს მისი ოჯახის მიმართ შესაძლო სავარაუდო მუქარაზე, რაც არის ცალკე ყურადღების საკითხი და ბუნებრივია, გამოძიების დაწყების საგანი“, – განაცხადა სამუშიამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საბოლოო შეფასებებისთვის დამატებით ინფორმაციას დაელოდა. თუმცა მან განვითარებული მოვლენები „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებას დაუკავშირა.
„როგორც ჩანს, რაღაც საგანგაშოა, რადგან მის ოჯახს ეხება საქმე და ამ დროს მკაფიოობა არის ყველაზე დიდი თავდაცვის საშუალება მისი და მისი ოჯახის მხრიდანაც“, – განაცხადა სიჭინავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ კი ღარიბაშვილის შემთხვევა ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლებისთვის გაფრთხილებად შეაფასა.
„ღარიბაშვილის საქმე ზეპირად ისწავლონ ივანიშვილის დღევანდელმა მსახურებმა, ჩინოვნიკებმა, ძალაუფლების გამამართლებელმა ფინანსურმა სექტორმა“, – წერს დეკანოიძე.
ხელისუფლების დუმილი და პასუხგაუცემელი კითხვები
მასალის მომზადების დროისთვის ღარიბაშვილის ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ვებგვერდებსა და ფეისბუკგვერდებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ ჯერ არ უპასუხიათ მთავარ ბრალდებაზე. მათ არ განუმარტავთ, უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილისთვის წერილის გაგზავნას. უცნობია ისიც, მიმდინარეობს თუ არა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ახალი გამოძიებები.
ბექგრაუნდი: მოკავშირეობიდან ციხემდე
ირაკლი ღარიბაშვილი წლების განავლობაში ბიძინა ივანიშვილის უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნეოდა. მას ორჯერ ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
2025 წლის 24 ოქტომბერს ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრების] ბრალდება წარუდგინეს. 2026 წლის 12 იანვარს მას გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. შედეგად, ყოფილ პრემიერს მიესაჯა 5 წლით პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6.5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია. მას შემდეგ იგი სასჯელს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.
მმართველი გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს წინ უძღოდა შიდაპარტიული უთანხმოება და სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა დაკავებები. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ღარიბაშვილის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა ხელისუფლებისთვის ბრძოლა უკიდურესად მწვავე ფაზაში გადავიდა.